არჩვნები 2012

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა თბილისში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა თბილისში, სპორტის სასახლეში დასრულდა. ყრილობაზე პარტიის სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე, ქალაქის მერი გიგი უგულავა, პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი გამოვიდნენ.

მერაბიშვილი მომხრეებს საქართველოსთან ხელშეკრულებაზე ესაუბრა და მმართველი პარტიის გეგმა გააცნო. მან ყურადღება სოფლის მეურნეობასა და დასაქმებაზე გაამახვილა.  უგულავამ და ბაქრაძემ მომხრეებს პარტიის პრიორიტეტები გააცნეს და  წარსულში დაბრუნების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

სააკაშვილმა მმართველი პარტიის მიღწევებზე  ისაუბრა და ამომრჩეველს ოპოზიციური პარტიების სიაში ძველი და კორუფციული სახეებისთვის ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდა. 

სააკაშვილმა ლაფანყურის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთი სამხედრო დაშინების გზით ცდილობს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომით ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია: ვერც მთავრობა დაამხო, ვერც საქართველოს დაუკარგა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ვერც საქართველოს ნატოში ინტეგრაციაა შეაჩერა.  

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა საზოგადოებაში არსებულ კითხვას არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია იმუქრება არჩევნების არ აღიარებით, ისინი წინ ვერ აღუდგებიან ქართველი ხალხის არჩევანს და არჩევნების შემდეგ ”ხალხი მეტ სარგებელს მიიღებს”. 

ყრილობის დასასრულს, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა საქართველოსთან ხელშეკრულებას მოაწერეს.

ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნის მასშტაბით 10 ქალაქსა და თბილისში ყრილობა გამართა. ყრილობები ჩატარდა ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ამბროლაურში, მცხეთაში, გორში, რუსთავში, თელავსა და თბილისში.

 

კომენტარები