საქართველო-არგენტინა

ჰექტორ ტიმერმანი: არგენტინა მხარს უჭერს გაეროს რეზოლუციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით

არგენტინა იზიარებს საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებთან დაკავშირებით გაეროს პოზიციასა და მის მიერ მიღებულ ყველა რეზოლუციას. ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰექტორ ტიბერმანმა ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჰექტორ ტიბერმანის თქმით, არგენტინა არის ქვეყანა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა მხარს დემოკრატიულ პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. მისივე განცხადებით, საქართველო და არგენტინა ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ითანამშრომლებენ.

"არგენტინა არის ქვეყანა, რომელმაც 1990 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგი უნდა იყოს. საქართველოსთან პირდაპირი დიალოგი მოხდება სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სოფლის მეურნეობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ დავეხმარებით საქართველოს ამ სფეროს განვითარებაში.” - აღნიშნა ჰექტორ ტიბერმანმა.

დღესვე საქართველოში ამბასადორიალის ფარგლებში ვიზიტით მყოფი არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდება.

 

კომენტარები