ცვლილება მთავრობაში

თორნიკე გორდაძემ მინისტრის პოსტზე გიორგი ბარამიძე შეცვალა

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თორნიკე გორდაძე დაინიშნა. გიორგი ბარამიძემ, ყოფილმა მინისტრმა, თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა და ის კენჭს ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში იყრის.

თორნიკე გორდაძე სამინისტროს თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს წარუდგინა. ის უკანასკნელი ორი წლის მანძილზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 თორნიკე გორდაძე დაიბადა 1975 წლის 10 ნოემბერს ქ. ქუთაისში.

1992 წელს დაამთავრა ჟორჟ კლემანსოს სახელობის ლიცეუმი ქ.ნანტში, საფრანგეთი

1996 წელს დაამთავრა ბორდო-ს (საფრანგეთი) პოლიტიკური მეცნიერებათა ინსტიტუტი, სპეციალობით პოლიტოლოგია და სოციოლოგია.

1997 წელს მოიპოვა პოლიტოლოგიის მაგისტრის ხარისხი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (Sciences Po), იყო მაგისტრატურის ლაურეატი (ბალებით 1-Lლი 27 მაგისტრიდან)

2005 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია IEP (Sciences -Po) პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში პოლიტოლოგიის სპეციალობით.

არის 44 სამეცნიერო ნაშრომის და სტატიის ავტორი ევროპის და ამერიკის სამეცნიერო გამოცემებში.

2000 წლიდან დღემდე პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს პოლიტიკურ სოციოლოგიაში, ეთნიურობის და ეროვნულობის საკითხებში, კავკასიის და ცენტრალური აზიის თანამედროვე ისტორიაში.

2002-2003 წლებში იყო მიწვეული მკვლევარი იელის უნივერსიტეტში (აშშ).

2004-2005 წლებში იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზის და პრევენციის ცენტრის კონსულტანტი კავკასიის საკითხებში.

2006 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივლისამდე იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული კვლევითი ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების დირექტორი, ანატოლიის კვლევის ფრანგული ინსტიტუტის კავკასიის ობსერვატორიის დირექტორი (პარიზი-სტამბოლი-ბაქო).

ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს.

 

კომენტარები