რეგიონი

გაზპრომბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - სომხეთის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატი

ერევნის ყოფილი მერი, გაზპრომბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კარენ კარაპეტიანი  2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა ერთ-ერთი კანდიდატი იყოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Новости-Армения, გაზეთ Грапарак-ზე დაყრდნობით იტყობინება.

გაზეთი წერს, რომ ბოლო დროს პოლიტიკურ წრეებში კარაპეტიანის კანდიდატურა აქტიურად განიხილება. მეტიც, მის გარშემო შეიძლება ორი პოლიტიკური ძალაც გაერთიანდეს - აყვავებული სომხეთი და ოპოზიციურად განწყობილი სომხური ნაციონალური კონგრესი.

გაზეთი აღნიშნავს, რომ კარაპეტიანი ძალიან ფრთხილი ადამიანია და ისეთ ექსპერიმენტებს, როგორიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა, როგორც წესი, თავს არიდებს ხოლმე, თუმცა ამჯერად მან ეს გადაწყვეტილება შეიძლება რუსეთის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მაინც მიიღოს. „რუსეთის ხელისუფლებას კარაპეტიანზე დიდი გავლენა აქვს,“ - წერს გამოცემა.

ერევნის ყოფილმა მერმა კარენ კარაპეტიანმა თანამდებობა 2011 წლის 28 ოქტომბერს დატოვა. მერად დანიშვნამდე კარაპეტიანი გაზპრომისა და სომხეთის ხელისუფლების ერთობლივი საწარმოს АрмРосгазпром-ის გენერალური დირექტორი იყო. როგორც გაზეთი იტყობინება, ამ საწარმოს სომხეთის შიდა ბაზარზე რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდებასა და დისტრიბუციაზე მონოპოლია გააჩნდა.  

კომენტარები