პლაგიატი

ფარიდ ზაქარია პლაგიატს აღიარებს

ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ფარიდ ზაქარიამ, რომელიც პლაგიარიზმში ამხილეს იელის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც საინფორმაციო სააგენტო AP იტყობინება, იელის პრეზიდენტის რიჩარდ ლევინისადმი მიწერილ წერილში, ზაქარია წერს, რომ კარგად უნდა გადახედოს თავის პროფესიულ საქმიანობას და პასუხისმგებლობები სწორად გადაანაწილოს. ლევინმა ზაქარიას უნივერსიტეტისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ფარიდ ზაქარია აგვისტოში ჟურნალმა Time-მა და ასევე, CNN-მა პლაგიარიზმში ამხილეს და დროებით სამსახურიდან დაითხოვეს. ზაქარიამ ჟურნალ New Yorker-ის ერთ-ერთი ესსედან რამდენიმე პარაგრაფი გადმოწერა და ჟურნალ Time-ისთვის დაწერილ სვეტში გამოიყენა.

ავტორმა ბოდიში მოიხადა და შემთხვევას „საშინელი შეცდომა“ უწოდა. CNN-მა და Time-მა  მისი სხვა სტატიები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ასეთ დაუდევრობას სხვა დროს ადგილი არ ჰქონია. ზაქარიას მუშაობის უფლება აღუდგა.

ზაქარია სხვადასხვა დროს იყო ჟურნალ Foreign Affairs-ის მმართველი რედაქტორი,  Newsweek International-ის რედაქტორი. მას ბევრი სტატია აქვს გამოქვეყნებული ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორებიცაა  New York Times, the Wall Street Journal, The New Yorker და ვებ ჟურნალი Slate. ზაქარიას სხვადასხვა დროს მიყავდა გადაცემები ისეთ ცნობილ არხებზე, როგორებიცაა ABC და PBS. ბოლო დროს ის ჟურნალ Time-ის დამხმარე რედაქტორი და მესვეტეა. ამასთან, 2008 წლის ივნისიდან CNN-ზე მიყავს ყოველკვირეული გადაცემა - Fareed Zakaria GPS (Global Public Square). 

კომენტარები