სარჩელი

მადონას რუსი აქტივისტები უჩივიან

რუსი აქტივისტები ამერიკელი პოპ დივასგან - მადონასგან ჯარიმის სახით 10 მილიონი დოლარის გადახდას მოითხოვენ.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო - AFP წერს.

სანქტ-პეტერბურგის საოლქო სასამართლომ დაადასტურა, რომ მათთან უკვე შევიდა სარჩელი მადონას წინააღმდეგ. თუმცა სასამართლო ჯერ კიდევ ფიქრობს, მიიღებს თუ არა საქმეს წარმოებაში.

მადონას ცხრა მომჩივანი ჰყავს. მათ შორის ყველაზე მეტად რუსეთის პროფკავშირების აქტივისტები აქტიურობენ. მათი მტკიცებით, მადონამ სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე ჰომოსექსუალების მხარდაჭერით ისინი შეურაცხყო.

თავის შოუზე, რომელიც რუსეთის იმპერიის დედაქალაქში გაიმართა,  მადონამ დამსწრეებს ზურგზე ამოტვიფრული წარწერა - „შიშის გარეშე!“ აჩვენა, რითაც მისივე განმარტებით, ჰომოსექსუალების მიმართ სიყვარული და გულისხმიერება გამოხატა.

წლის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ჯარიმდება ყველა, ვინც მცირეწლოვან ადამიანებში ჰომოსექსუალობის რეკლამირებას ახდენს. სანქციები მხოლოდ სანქტ-პეტერბურგს ეხება. კანონის მიხედვით, რუსეთში ჰომოსექსუალობა კრიმინალად არ ითვლება.

მომჩივანები იმასაც აპროტესტებენ, რომ თავისი თეატრალური წარმოდგენის დროს, მადონამ ფეხქვეშ გათელა ჯვარი და ამით იქ დამსწრეთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა.

ამერიკელმა პოპ დივამ რუსეთის ხელისუფალთა განრისხებაც მოახერხა, როცა მოსკოვში გამართულ შოუზე პანკ ჯგუფის -  Pussy Riot-ის წევრებს მხარი დაუჭირა და თქვა, რომ უსამართლოდ დაკავებული სამი წევრისთვის ილოცებდა.

პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრები რუსეთის სასამართლომ რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგანობაში დამნაშავედ სცნო. ჯგუფის წევრებს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

რუსი აქტივისტების მიერ მადონას წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს სანქტ-პეტერბურგის საოლქო სასამართლო წარმოებაში მიიღებს თუ არა, კვირის ბოლოსთვის გადაწყდება.

კომენტარები