საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით 15-31 აგვისტოს ფოთში ახალი ფესტივალი „ხელოვნების ზღვა“ გაიმართება.
ხელოვნების პარკის სივრცე ყოველწლიურად ახალი ნამუშევრებით შეივსება. „შემოქმედებითი სივრცე - ღია ცის ქვეშ“ საფუძველს ჩაუყრის ისეთი ლანდშაფტური გარემოს შექმნას, რომელიც გამორჩეული იქნება საგანგებოდ შექმნილი ახალი, ნოვატორული ნამუშევრებით. მალთაყვის ტყე პარკი გახდება საერთაშორისო მასშტაბის შემოქმედებითი პლატფორმა, რომლის განვითარება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაგრძელდება.
ფესტივალი ხელოვნების ზღვა ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონებში თანამედროვე ხელოვნების განვითარებას და ამავდროულად შექმნის დასასვენებისა და შემეცნების ულატერნატივო გარემოს.
15 აგვისტოს 12:00 საათზე მალთაყვის ტყე პარკში თანამედროვე ხელოვნების ასოციაცია „Artactive Evolution“ პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას მალთაყვის ტყე პარკის ახალი - ღია სახელოვნებო სივრცის კონცეფციას, ფესტივალის - „ხელოვნების ზღვის“ მიზნებს და იმ კონკრეტულ პროექტებს გააცნობს რომელსაც დამთვალიერებელი ფესტივალის საზეიმო დახურვაზე 1 სექტემბერს იხილავს.
ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი და იაპონელი მხატვრები ფოთის ზღვის სანაპიროზე, მალთაყვის ტყე პარკში 2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ინსტალაციებს, ობიექტებს და ლანდშაფტური არქიტექტურის ინოვაციურ პროექტებს შექმნიან. ხელოვნების პარკი 1 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება.
ფესტივალში 15 ქართველი და უცხოელი მხატვარი მიიღებს მონაწილეობას.