რუსეთი

ალექსეი ნავალნის პატიმრობა ემუქრება

რუს ბლოგერსა და პოლიტიკურ აქტივისტს ალექსეი ნავალნის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა  სხვისი ქონების გაფლანგვის ბრალდება წაუყენა. აღმკვეთ ღონისძიებად მას გაუსვლელობის ხელწერილი განესაზღვრა.

ბლოგერი დაკითხვაზე ჯერ 30 ივლისს, შემდეგ კი დღეს, 31 ივლისს დაიბარეს. ბრალდება მის წინააღმდეგ ე. წ. კიროვლესის საქმეს უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, 2008 წელს, კიროვის ოლქის გუბერნატორის მრჩევლად ყოფნისას, ალექსეი ნავალნიმ კომპანია კიროვლესს ხელშეკრულების გაფორმება აიძულა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რის საშუალებითაც ნახევარ მილიონ დოლარამდე მიითვისა.  აქამდე ცნობილი იყო, რომ საქმეში მხოლოდ  40 თასი დოლარის ზარალი ფიგურირებდა.

შესაბამისად, გამოძიებამ ნავალნის ბრალი უფრო "მძიმე" მუხლით წაუყენა, რომელიც  10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნავალნიც და მისი ადვოკატიც ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. „როგორც ჩანს, საქმე იქით მიდის, რომ ნავალნის რეალურ სასჯელს - შვიდ წლამდე პატიმრობას, მიუსჯიან“, - განაცხადა ადვოკატმა ვადიმ კობზევმა.

რუსი უფლებათადამცველები და ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ნავალნის წინააღმდეგ პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. უფლებათადამცველის ლუდმილა ალექსეევას შეფასებით, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ანგარიშსწორება დაიწყო,. „როგორც ჩანს, ნავალნის ხელი სერიოზულად მოჰკიდეს“, - აღნიშნა ალექსეევამ. თავის მხრივ, მემარცხენე ფრონტის კოორდინატორმა სერგეი უდალცოვმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ოპოზიციაზე მიზანმიმართულ ზეწოლას ახორციელებს. „ეს პოლიტიკურ დაკვეთაა, რომლის მიზანი პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვა, ლიდერების დაპატიმრება ან დაშინებაა“, - მიიჩნევს უდალცოვი.

საგამოძიებო კომიტეტის შენობასთან, სადაც ნავალნი დაკითხვაზე მივიდა, ჟურნალისტებმა პატიმრების გადასაყვანად განკუთვნილი ავტომანქანა შენიშნეს. ნავალნის ადვოკატები წინა დღეებში არ გამორიცხავდნენ, რომ ოპოზიციონერს დაკითხვაზე მისვლისთანავე დააკავებდნენ.

დაკითხვაზე დაბარებამდე და ბრალდების წაყენებამდე რამდენიმე დღით ადრე ნავალნინ საკუთარ ბლოგში საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი ამხილა. მან წარადგინა დოკუმენტები იმის შესახებ, რომ რუსი მაღალჩინოსანი ჩეხეთში უძრავ ქონებას ფლობს და ამ ქვეყანაში ბინადრობის უფლება აქვს მოპოვებული. ამ ფაქტის გახმაურებით ნავალნიმ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მიღება გააპროტესტა.

 

კომენტარები