სახალხო დამცველი

ომბუდსმენი მე-9 არხის ჟურნალისტზე ზეწოლის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება მე-9 არხის ჟურნალისტის ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

სახალხო დამცველის აპარატისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 23 ივლისს მას უცნობი მამაკაცი შეხვდა, რომელმაც მოსთხოვა ჩამჯდარიყო იქვე მდგარ ავტომანქანაში.

„ჟურნალისტი დაემორჩილა უცნობი მამაკაცის მოთხოვნას, ჩაჯდა ავტომანქანაში, სადაც მას კიდევ ორი პირი დახვდა. მანქანაში ჩაჯდომისთანავე უცნობმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, აჩვენეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და განუცხადეს, რომ მათი დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოახდენდნენ ჩანაწერის განსაჯაროებას. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, უცნობ პირებს მისთვის ვინაობა არ უცნობებიათ, მხოლოდ ის განუმარტეს, რომ იყვნენ ,,სამსახურის“ წარმომადგენლები და შეეძლოთ მისთვის პრობლემების შექმნა“. -აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პირები ჟურნალისტს განმეორებით 2012 წლის 26 ივლისს შეხვდნენ, სახალხო დამცველი ჟურნალისტზე მუქარის ფაქტის შესწავლას და გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

 

კომენტარები