ისრაელი-ირანის ურთიერთობა

მით რომნი ისრაელის ირანზე თავდასხმას მხარს უჭერს

აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა მით რომნიმ ისრაელში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი მხარს ისრაელს დაუჭერს.

მასაჩუსეტსის ყოფილმა გუბერნატორმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პოტენციალი მისთვის არაა მისაღები.

როგორც BBC-ი აღნიშნავს, მით რომნის პოზიცია ისრაელი–ირანის საკითხთან დაკავშირებით აშშ–ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსაზრებას ეწინააღმდეგება. აშშ–ის პირველი პირი ისრაელს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.

ისრაელში ვიზიტის ფარგლებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან და პრემიერთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

ისრაელში ვიზიტამდე მით რომნი ლონდონში იმყოფებოდა, სადაც იგი ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და მედიის კრიტიკის საგანი გახდა. გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას რომნიმ განაცხადა, რომ იგი არაა დარწმუნებული, რომ ლონდონი ოლიმპიური თამაშების ჩატარებისთვის მზადაა.

 

კომენტარები