ანტისარაკეტო სისტემა

აშშ-ს აღარ სურს, რუსეთს ანტისარაკეტო სისტემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს

აშშ-მა გადაწყვიტა, რუსეთის წარმომადგენლებს აღარ მიაწოდოს ინფორმაცია თავისი ანტისარაკეტო სისტემის შესახებ. ცოტა ხნის წინ პენტაგონმა რუსეთის წარმომადგნლები მიიწვია ატოლ კვაჯელეინზე, ერთ-ერთ ყველზე გასაიდუმლოვებულ ბაზაზე, სადაც რუსებისთვის ანტისარაკეტო სისტემის მუშაობა უნდა ეჩვენებინათ. თუმცა, მოგვიანებით პენტაგონმა გადაწყვიტა, რომ რუსეთისთვის ასეთი ინფორმაციის მიწოდება არასასურველი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა კომერსანტი ავრცელებს.

 აშშ ცდილობს, რუსეთს ანტისარაკეტო სისტემის შესახებ ეჭვები გაუქროს და მისი წარმომადგენლები ნდობის ნიშნად მიიწვია. რუსეთი ეწინააღმდეგება ევროპაში ანტისარაკეტო სისტემების განთავსებას და ამბობს, რომ ის მის უსაფრთხოებას ასუსტებს.

ატოლ კვაჯელეინზე განთავსებული ბაზა ამერიკელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სახელობისაა და იქ ანტისარაკეტო ბალისტიკური იარაღს ცდიან.

როგორც კომერსანტის წყარო იტყობინება, მოსკოვი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა.  წყარო რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან ამბობს, რომ სამინისტროს არ მიუღია ოფიციალური მოწვევა და მაღალჩინოსნები ასეთი სტუმრობის აზრს ვერც ხედავენ: “გასაგებია, რატომაც გვიწვევენ. მათ უნდათ, გვაჩვენონ, რომ ჩვენთან თანამშრომლობენ და ანტისარაკეტო სისტემაზე ინფორმაციას გვაწვდიან. მაგრამ აშშ-ის კანონმდებლობა კრძალავს ასეთი ინფორმაციის გაცემას და შესაბამისად, არანაირ ინფორმაციას ისინი არ მოგვაწვდიან. ჭოგრიტიდან რაკეტის აფრენის ყურებაში კი აზრს ვერ ვხედავთ.”

რუსეთმა აქამდეც რამდენჯერმე მიიღო მსგავსი მოწვევა, თუმცა ყოველ ჯერზე უარი თქვა აშშ-ის სამხედრო ინფრომაციის მიღებაზე. გაზაფხულზე მოსკოვმა უარყო ოფიციალურ მოწვევა, რომელიც მის წარმომადგენლებს ანტისარაკეტო სისტემების მმართვის სააგენტოს ნახვის საშუალებას მისცემდა. რუსებმა არც რადარების მუშაობის ნახვა მოისურვეს. 

კომენტარები