მხატვრობა

აშშ-ში მატისის 10 წლის წინ მოპარული ნახატი იპოვნეს

აშშ-ის შტატ ფლორიდაში გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა მამაკაცი და ქალბატონი დააკავეს, რომლებიც ფრანგი მხატვრის ანრი მატისის სურათის Odalisque a la culotte rouge გაყიდვას ცდილობდნენ. ფრანგი შემოქმედის ნახატი 2002 წელს ვენესუელაში, კარაკასის მუზეუმიდან მოიპარეს.

CNN-ის ინფორმაციით, მაიამის მცხოვრებლები, რომლებსაც არ დაუფარავთ, რომ ნახატი მოპარული იყო, 3 მილიონ დოლარად შეფასებული სურათის გაყიდვას 740 ათას დოლარად ცდილობდნენ. მყიდველები კი FBI-ის თანამშრომლები აღმოჩდნენ.

ნახატი, რომელიც ანრი მატისიმ 1925 წელს შექმნა, ნიუ-იორკის გალერეიდან ვენესუელაში 1981 წელს გადაიტანეს. კარაკასის მუზეუმიდან სურათის მოპარვის ფაქტი მხოლოდ 2003 წელს გაირკვა, როდესაც ექსპერტიზის საშუალებით დადგინდა, რომ მუზეუმში ორიგინალის ნაცვლად ნახატის ასლი ეკიდა.

 

კომენტარები