თათარსტანი

თათარსტანის მუსლიმ ლიდერებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები დააკავეს

თათარსტანის რესპუბლიკაში მუსლიმ ლიდერებზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ოთხი პიროვნება დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა. გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული კომპანია ”იდელ ხაჯის” ხელმძღვანელია, რომელიც მექაში მომლოცველების საქმიანობას უწევს ორგანიზებას.

თათარსტანის დედაქალაქ ყაზანში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად რესპუბლიკის მუფთის ყოფილი მოადგილე, ვალიულა იაკუპოვი დაიღუპა, ხოლო თავად მუფთი ილდუს ფაიზოვი აფეთქების შედეგად დაიჭრა. ფაიზოვი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმა სასულიერო ლიდერების საქმიანობას უკავშირდება. ფაიზოვი და იაკუპოვი თათარსტანის რესპუბლიკაში რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლით იყვნენ ცნობილი.

თათარსტანის პრეზიდენტმა რუსტამ მინიხანოვმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისთვის მილიონი რუბლი დააწესა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

კომენტარები