უმუშევრობა აშშ-ში

ივნისში აშშ-ში მხოლოდ 80,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა

ივნისში აშშ-ში მხოლოდ 80,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა გაავრცელა. უმუშევრობის დონე დღეს აშშ-ში 8.2%-ია.

უმუშევრობამ 8%-ს 2009 წლის თებერვალში გადააჭარბა და მას შემდეგ არ შემცირებულა. 1948 წლის შემდეგ ეს ყველაზე გრძელი პერიოდია, 41 თვე, როცა აშშ-ს ამდენი უმუშევარი ჰყავს. ექსპერტების ვარაუდით, 8.2%-ზე გაიყინება, რაც ობამასთვის არჩევნების წაგებას შეიძლება ნიშნავს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთი პრეზიდენტი არ არჩეულა მეორედ 7.4%-ზე მაღალი უმუშევრობის შემთხვევაში.

ობამას ადმინისტრაციამ მალევე გააკეთა კომენტარი უმუშევრობის ახალ მონაცემებზე. თავად ობამამ მონაცემებს „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა. ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა ობამამ ეკონომიკა და რომ კონგრესმა და ცენტრალურმა ბანკმა მეტი უნდა გააკეთონ კრიზისის დასაძლევად.

უმუშევრობის მონაცემებზე სწრაფი რეაქცია ჰქონდა ობამას კონკურენტს საპრეზიდენტო არჩევნებში, მიტ რომნის. მისი თქმით, ეს ყველაფერი გარდაუვალი არ არის და ხალხი არ უნდა შეეგუოს ეკონომიკის ასეთ მდგომარეობას. რომნის განცხადებით, აშშ-ში ბიზნესებზე გამკაცრებული რეგულაციები სამუშაო ადგილების შექმნას აჩერებს.  

ობამასთვის სამუშაო ადგილების შექმნას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. გასული შემოდგომიდან თითქოს უმუშევრობამ ძალიან ნელა შემცირება დაიწყო, თუმცა ბოლო სამ თვეში სიტუაცია კვლავ უარესობისკენ შეიცვალა. ობამა ხშირად თავს რეიგანს ადარებს, რომელიც ასევე მაღალი უმუშევრობის პირობებში მეორედ აირჩიეს. თუმცა რეიგანის პრეზიდენტობის 32-ე თვეში უმუშევრობამ სწრაფად დაიწყო ვარდნა და არჩევნების დღეს უკვე 7.4% იყო. მაშინ როცა ობამას მონაცემები საპირისპირო მიმართულებით მიდის. ობამას თვეში დაახლოებით 219,000 სამუშაო ადგილის შექმნა დასჭირდება იმისთვის, რომ უმუშევრობის დონე არჩევნების დღეს 8%-ზე დაბალი იყოს.

კომენტარები