კინოფონდი

კინოცენტრში აჭარის რეგიონული კინოფონდის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ კინოცენტრში დღეს აჭარის რეგიონული კინოფონდის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პროექტით, რომელიც საქართველოში კინოფონდის არსებობის ანუ კინოს განვითარებისთვის ალტერნატიული წყაროს მოძიების პირველი პრეცენდენტია, აჭარაში კინოწარმოების ხელშეწყობის ყოველწლიური პროგრამა იწყება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენს, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გამოყოფს. 

კინოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით შეიქმნა. იდეის ავტორების განცხადებით, აღნიშნული პროექტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონში დამატებითი თანხების მოზიდვას გამოიწვევს, ამასთან ერთად რეგიონში კინოინდუსტრიის განვითარებას, ცნობადობის გაზრდასა და კულტურული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აჭარის რეგიონული კინოფონდიდან კინომწარმოებელზე ერთი ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 40 000 ლარი გაიცემა. თანადაფინასება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში არანაკლებ 100 000 ლარის კვალიფიციური დანახარჯი განხორციელდება. 

კინოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში არის დარეგისტრირებული. თუ პროდუქცია სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით იქმნება, ამ შემთხვევაში განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართველი კო-პროდიუსერის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ.

განაცხადები მიიღება 2012 წლის 20 ივლისიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე.

 

კომენტარები