ევროპარლამენტი

ევროპარლამენტში საქართველოს საშინაო პოლიტიკის შესახებ დებატები გაიმართა

4 ივლისს სტრასბურგში, ევროპარლამენტში საქართველოში წინა საარჩევნო გარემოს შესახებ დებატები გაიმართა. საუბრისას აქცენტი ქართული ოცნების ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე გამახვილდა.

დებატებში სიტყვით 14 ევროპარლამენტარი გამოვიდა. 5 მათგანი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP) იყო. EPP-ის წევრებმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ დებატის საჭიროება ეჭქვეშ დააყენეს. პარლამენტარებმა ივანიშვილს პრო-რუსული ძალა უწოდეს. მათი თქმით, საკითხი ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილის ლობისტური ძალისხმევის შედეგად გავიდა.

საარჩევნო გარემოს საკითხი დღის წესრიგში ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE) დააყენა.  ქართულ ოცნებაში შემავალი რესპუბლიკური პარტია და პარტია ჩვენი საქართველო ALDE-ეს პარტნიორებია. EPP-ში კი ნაციონალური მოძრაობას დამკვირვებლის სტატუს აქვს.

დებატის დაწყებას წინ უძღვოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ქეთრინ ეშტონის განცხადება. თავად ეშტონი დებატს არ ესწრებოდა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სააკაშვილთან საუბრისას ევროკავშირმა ხაზი გაუსვა სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის აუცილებლობას. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს, არსებული აღქმის გამო, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში მონაწილეობა ეზღუდება. იქვე აღნიშნული იყო, რომ ასევე შემაშფოთებელია აღქმა, რომ ივანიშვილი თავის კაპიტალს პოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად იყენებს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ევროკავშირი მიესალმება must carry/must offer წესების მიღებას.

დებატები პოლონელი დეპუტატის, EPP-ის წევრის კშიშტოფ ლიზეკის გამოსვლით დაიწყო. გასულ წელს ლიზეკის მოხსენების საფუძველზე ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო.

ლიზეკის თქმით, საარჩევნო გარემოს დღის წესრიგში დაყენება ივანიშვილის ლობისტური ძალისხმევის შედეგია. მისი თქმით, უკვე თვეებია, რაც ევროპარლამენტარები ევროპაში ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისგან იღებენ უამრავ გზავნილს, სადაც სააკაშვილი „მონსტრად“ არის გამოყვანილი. მისი განცხადებით „ოლიგარქების მონაწილეობას პოლიტიკაში არასდროს მოუტანია დადებითი შედეგები“.

ივანიშვილი რუმინელმა დეპუტატმა ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსიდან (ALDE),ნორიკა ნიკოლაიმ დაიცვა. მისი თქმით, ის რომ ივანიშვილი მდიდარია დანაშაული არ არის და საქართველომ არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩაატაროს.

დებატების საჭიროებას გამოეხმაურა ავსტრიელი დეპუტატი მწვანეთა პარტიიდან. ულრიკე ლუნაჩეკმა განაცხადა:

„ვფიქრობ, რომ ჩვენ რომელიმე პარტიის მხარე კი არ უნდა დავიკავოთ... რაც მე მაშფოთებს და რასაც უნდა შეეხოს ჩვენი დებატები არის ის, რომ გავაფრთხილოთ ქართველები – როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, რომ სიტყვების ომი და გაუმჭირვალე პირობები საქართველოს იმიჯს აზარალებს“, – განაცხადა მან, „პირადად არც მე მიყვარს ოლიგარქები პოლიტიკაში, მაგრამ ის, თუ რამდენი ფული გაქვს პიროვნებას, არ უნდა გახდეს კრიტერიუმი იმისა, უნდა აგირჩიონ თუ არა“.

გერმანელმა პარლამენტარმა EPP-იდან ისაუბრა ივანიშვილის მიერ გლობალ ტვ-ის საშუალებით ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაზე. მისი თქმით, კონტროლის პალატის ეჭვი ქართული ოცნების მიმართ სავსებით ლეგიტიმურია. მან ასევე დაგმო ლობისტური მცდელობები და ევროკავშირს მოუწოდა ასეთი კამპანიების გავლენის ქვეშ არ მოექცეს.

პოლონელმა დეპუტატმა ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ფრაქციიდან, ადამ ბილანმა თავის გამოსვლაში რუსეთის ფაქტორზე და დაგეგმილ სამხედრო წვრთნებზე, კავკაზ 2012-ზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთი არ ჩაერიოს საქართველოს პოლიტიკაში, მათ შორის არც ოპოზიციური ჯგუფების გავლენით.

ლიტველმა დეპუტატმა EPP-ის ფრაქციიდან ვიტაუტას ლანსბერგისმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებით იმ ფონზე, როცა არსებობს ახალი სისხლისმღვრელი ინტერვენციის საფრთხე.

 „რეალურად მიმდინარეობს ნაცისტური შეტევა არაქართველი, არაქრისტიანი, პრო-უმცირესობის მხარეს მყოფი მთავრობის წინააღმდეგ. ასეთი პოლიტიკა სურთ ლიბერალებს? დაე, რუსულმა ფულმა მოიგოს არჩევნები?„ - განაცხადა ლიტველმა დეპუტატმა.

მან  ერთერთ სახიფათო ფაქტორად დაასახელა რუსული ფულის ინტერვენცია, რომლის მიზანი საქართველოს ევროპული ორიენტაციის შეცვლაა. ასევე სამხედრო წვრთნები საქართველოს საზღვრებთან, რომელიც განზრახ საარჩევნო პერიოდისთვის დაიგეგმა და შესაძლოა, პროვოკაციული მიზნები ქონდეს. ხოლო მესამე, ახალი საფრთხედ რუსეთის ფინანსური და სოციალური კრიზისი დაასახელა, რომლის დროსაც რუსეთის მთავრობას ყურადღება გარე მტრებზე გადააქვს.

ფრანგმა დეპუტატმა EPP-ის ფრაქციიდან არნო დანჟანმა განაცხადა, რომ ის გაკვირვებულია, რომ ევროკავშირი ოლიგარქის ლობისტური მცდელობიბის ქვეშ ექცევა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ნაცვლად, საარჩევნო პროცესზე მსჯელობენ: "ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დადებული შეთანხმება დაარღვია, რომ რუსეთის სამხედრო წვრთნები დაიგეგმა ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ არჩევნებში ოლიგარქი მიიღებს მონაწილეობას.  თქვენ გაიხსენეთ რამდენიმე რეზოლუცია, რომელშიც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ვუჭერთ მხარს, ასევე, ძლიერ და ნდობით აღჭურვილ ოპოზიციას. მას კი ნდობას ვერ მოუპოვებს ოლიგარქის მილიონობით დოლარი. ეს არც სამოქალაქო საზოგადოებას მოუტანს დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ამით ბატონ სააკაშვილს არ ვაძლევთ კარტ ბლანშს, მაგრამ ოლიგარქისათვის კარტ ბლანშის მიცემა მე პირადად კიდევ უფრო საშიშად მეჩვენება".

ესტონელმა დეპუტატმა კრისტინა ოიულანდმა ALDE-ის ფრაქციიდან პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა მხარეებს.

ესტონელმა ტუნე კელამმა EPP-იდან აღნიშნა, რომ ივანიშვილის უკან რუსეთი დგას და მისი საშუალებით რუსეთს საქართველოს ევროპისაკენ გზიდან გადაყვანა სურს.

დებატების დასრულებისას კვიპროსის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეას მავროიანისმა დასკვნითი განცხადება წაიკითხა ეშტონის სახელით. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართლიანი და თანაბარი მონაწილეობა არჩევნებში „მნიშვნელოვანი იქნება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მისაღწევად“.

დებატის შესახებ მმართველი პარტიის არაოფიციალური აზრიც გავრცელდა. მაესტრომ გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც პრემიერ მინისტრ ვანო მერაბიშვილის და პრეზიდენტ სააკაშვილის საუბარი რუსთავი 2-ზე შოუს დაწყებამდე არის ჩაწერილი. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ ვინც ეს საკითხი ევროპარლამენტში გაიტანა ”დედა ეტირათ” და ”ბოლომდე შეჯდა ყველა”.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა  დებატები ”დაბალანსებურად” შეაფასა. მოგვიანებით ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დებატებით კმაყოფილია. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ დებატების დროს რუსულ ფულთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები, ივანიშვილის თქმით ეს  სააკაშვილის მეგობარი პარტიის წარმომადგენლებმა თქვეს. მან ისიც განაცხადა, რომ ქართველებმა ევროპარლამენტარები შეცდომაში შეიყვანეს.

 

კომენტარები