გამოცდების ეროვნული ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსეს

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა, მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით "საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია" დააარსეს. ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაცია "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში დღეს შედგა.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ასოციაციის მიზანია, კვლევების საფუძველზე სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული ტენდენციები და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციები შეიმუშაოს.

"ასოციაცია საგანმანათლებლო ორგანიზაციებს მიაწვდის მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს. აგრეთვე, იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო კვლევებს განახორციელებს სკოლაში, სასკოლო და უმაღლესი განათლების საფეხურებზე, მოხდება საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.” - განაცხადა პრესკონფერენციაზე მაია მიმინოშვილმა.

მისი თქმით, ასოციაციაში 60 წევრია. ყველანი გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები არიან.

 

კომენტარები