გასული წლის ბოლოდან, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესის ამოქმედებასთან ერთად, დაფინანსების მონიტორინგი კონტროლის პალატის ფუნქცია გახდა. მას შემდეგ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მუშაობა სკრუპულოზურ ყურადღებას იმსახურებს. ტაბულა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს, მისი უწყების მისამართით არსებულ კრიტიკაზე, ივანიშვილის დაჯარიმებაზე, სხვადასხვა მიმდინარე თუ დასრულებულ საქმეებზე ესაუბრა.
რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიების ფინანსების მონიტორინგისას კონტროლის პალატას არათანაბარ მიდგომებში ადანაშაულებენ. რას უპასუხებდით მათ კრიტიკას?
პირველი საქმე, რომელიც მონიტორინგის ფარგლებში წამოვიწყეთ, სწორედ ნაციონალურ მოძრაობას ეხებოდა. 95 ათასი ლარი გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვენი აუდიტორული შეფასებების საფუძველზე. იყო რუსთავის საქმე, ახლა წარმოებაშია ბეჟუაშვილის ასურეთის საქმე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეჟუაშვილმა იქ სუფრა გაშალა მოქალაქეებისთვის. დავიწყეთ საკითხის შესწავლა და უახლოეს პერიოდში ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას.
ისმის კრიტიკა იმაზეც, რომ არ გამოვირჩევით ოპერატიულობით სახელისუფლებო პარტიის მიმართ, განსხვავებით ოპოზიციური პარტიებისგან. არ ვეთანხმები. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ის, რომ ფაქტობრივად ყოველკვირეულად გვიწევს გარკვეული მოქმედება, ზოგს უტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა. თუმცა რეალობაა ისაა, რომ ქართული ოცნება ყოველდღიურად არღვევს კანონს. რჩება შთაბეჭდილება, რომ კანონმდებლობა გვერდზეა გადადებული და პოლიტიკურ საქმიანობას ამის მიღმა ახორციელებენ. ამის ბევრი მაგალითია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებული დარღვევების დაახლოებით 10-15%-ზე ვრეაგირებთ გამომდინარე რესურსებიდან და იქიდან, რომ მყარი არგუმენტები და მტკიცებულებებია საჭირო, რაც ძნელი მოსაპოვებელია. და ისინი პროცედურების შესაბამისად უნდა მოვიპოვოთ.
მეორე მხრივ, კრიტიკა, რომელიც ეხება ჩვენს საქმიანობას, პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს, ჩვენთვის მისაღებია და გვაძლევს დამატებით სტიმულს, რომ უკეთ ვიმუშაოთ.
რუსთავის საქმე ახსენეთ, ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, რომელიც არათანაბარ მიდგომად მიიჩნიეს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნაციონალური მოძრაობის წევრი კახა ბარათაშვილი კონტროლის პალატამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო სააღდგომოდ ცხვრებისა და ღვინის დარიგებისათვის. კრიტიკა ეხებოდა იმას, რომ ეს არ ჩაითვალა საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვად, მიუხედავად იმისა, რომ ბარათაშვილი თანამდებობის პირია. ამას აცხადებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
ამ საკითხზე TI-სთან გვქონდა კონსულტაციები. განვუმარტეთ, რომ თუ არ იცნობენ მტკიცებულებებს, საქმე ერთი შეხედვით არ უნდა შეაფასონ. არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა ახსნა-განმარტებები გვქონდა მოქალაქეებისგან, რა მტკიცებულებებს ვფლობდით, საქმის ფაბულას არ იცნობდნენ და ზერელე განცხადებას აკეთებდნენ.
განვუმარტეთ, რომ როდესაც სისხლის სამართლის დანაშაულზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზეა საუბარი, კანონმდებლობა მიუთითებს გარკვეულ გარემოებებზე: რომ ეს უნდა იყოს ამომრჩევლის მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ გაკეთებული კონკრეტული ქმედება, პარტიის მიერ ორგანიზებული, პარტიის კონკრეტული საქმის მხარდასაჭერად და ა.შ.
მთელ რიგ მოტივებს, მიზანს, განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს. ბარათაშვილი აღნიშნავდა, რომ ყოველწლიურად აკეთებს ამას, ეს იყო მისი პირადი ხარჯი და გარკვეული მადლიერების გამოხატულება. ეს ყველაფერი მტკიცებულებებში და ახსნა-განმარტებებში ჩანდა. ეს არ იყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ ჩადენილი ქმედება. აქ არ შეიძლება, საუბარი ამომრჩევლის მოსყიდვაზე ყოფილიყო, რადგან ეს გახლდათ წმინდად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და ჩვენ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გავატარეთ კიდეც.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები ქუთაისის საქმეში თუ იყო, სადაც რამდენიმე ადამიანს ამომრჩეველთა მოსყიდვაზე წაუყენეს ბრალი...
ქუთაისის შემთხვევა სხვა გახლდათ. ამ ახალგაზრდების მიერ ჩადენილ ფაქტს თავადაც სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებდნენ. მათ პოლიტიკური კუთვნილების კუთხით გაემიჯნენ და აცხადებდნენ, რომ ესენი კონტროლის პალატის მიერ დაქირავებულები იყვნენ, რომ შეხება არ ჰქონდათ ქართულ ოცნებასთან.
ჩვენ აშკარა ფაქტზე მოვახდინეთ რეაგირება. ტელეეთერით გაშუქდა, როგორ სთავაზობდნენ ადამიანებს, 1000 ლარის ფარგლებში ოცნების ჩაწერას, მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ. ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ აქციაზე, ყუა მოეხიათ ფლაერისთვის, უნდა ჩაეგდოთ შესაბამის ყუთში. ჰპირდებოდნენ, რომ არჩევნებამდე ეს ყველაფერი ასრულდებოდა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები აშკარად იყო, გამოვთქვით ეჭვი და მივმართეთ პროკურატურას.
ლევან ფხაკაძის საქმეზეც პროკურატურას მივმართეთ. თუმცა, ისევ კრიტიკა დავიმსახურეთ, რატომ გადააგზავნა კონტროლის პალატამ პროკურატურაში საკითხი და თვითონ არ შეისწავლაო.
თქვენც ხომ თქვით, რომ გარემოებებს შეისწავლით? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საქმეზე? მხოლოდ ვიდეო ვნახეთ, სადაც სამტრედიაში, ლევან ფხაკაძის სახელით, ადამიანებს სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებას ჰპირდებიან...
ამ საკითხს ვსწავლობთ. ვესაუბრებით ადამიანებს, ვარკვევთ დეტალებს, რის მიხედვითაც განვსაზღვრავთ – ვიმოქმედოთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში თუ საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს.
თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. აქ გამოკვეთილი უნდა იყოს აშკარა საარჩევნო და პოლიტიკური მიზნების მქონე ადამიანი. ეს ადამიანი, ფხაკაძე, მოიხსენიეს ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო კანდიდატად, თუმცა ჯერ არ არის ოფიციალურად დასახელებული. თუ მოვლენათა ჯაჭვში გარემოებები ისე დალაგდა, რომ ეს სუბიექტი გახდა კანდიდატი, უკვე გარკვეული სამართალდარღვევის ნიშნები იქნება სახეზე და შემდგომ, სხვა გარემოებებთან ანალიზში გამოიკვეთება, ადმინისტრაციული დანაშაულია თუ სისხლის სამართლის.
რა შემთხვევაში შეიძლება ეს სისხლის სამართლის ნაწილში კვალიფიცირდეს?
ოფიციალურ კანდიდატად რეგისტრირება არაა საჭირო. საარჩევნო კამპანია 2 თვით ადრე იწყება ხოლმე და შემდეგ ხდება რეგისტრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება. საერთაშორისო და ჩვენი სტანდარტები იცნობს საარჩევნო მიზნების მქონე პირის მიერ კანონით დადგენილ სტატუსს და ვალდებულებებს. შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული, მაგრამ ჰქონდეს გაცხადებული მიზნები, რომ სურს კონკრეტული არჩევითი თანამდებობის დაკავება და ხარჯებსაც სწევდეს ამ მიზნის მისაღწევად. სამტრედიის შემთხვევაში ასეთი მიზნების გაცხადება ჯერ დადასტურებული არ არის.
ზოგადად, რაც შეეხება მოსყიდვასა და დაპირებებს, როდესაც ვინმე იძლევა დაპირებას პოლიტიკური ძალის სახელით, როგორ დგინდება კავშირი მასსა და პოლიტიკურ სუბიექტს შორის? საკუთარი ინიციატივით თუ ჰპირდება, მაშინ რა ხდება?
კანონმდებლობა ამას არეგულირებს. კი, შეიძლება პირი საკუთარი ინიციატივით ჰპირდებოდეს, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია, არის თუ არა ის კავშირში პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, მასთან კოორდინირებით თუ ხდება მოქმედება, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდასაჭერად თუ ხდება ამ დაპირებების გაცემა და შესრულება.
თუ ასეთი ფაქტი არაა, შეიძლება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიმართულებით წავიდეთ და როგორც უკანონო შემოწირულობა, ისე განვიხილოთ.
დაპირება შეიძლება ამგვარად განვიხილოთ?
დაპირება არა, კონკრეტული მოქმედება, საჩუქრის მიცემა და ა.შ.
დაპირების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რას ჰპირდება. მნიშვნელოვანია დაპირების მიზანი. მას კავშირი უნდა ჰქონდეს საარჩევნო-პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან, ან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტთან.
კიდევ ერთი თემაა დახურული შეხვედრები, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ. გირჩევენ ამითაც დაინტერესდეთ.
თითოეულ ასეთ შემთხვევაზე გვაქვს ადეკვატური რეაგირება, ვითხოვთ ინფორმაციას და რამდენიმე შემთხვევაში ეს გამოვაქვეყნეთ კიდეც. აღნიშნული ღონისძიებები დაფინანსებული იყო პარტიული ბიუჯეტიდან – ეს მათ დეკლარირებული და საჯარო ჰქონდათ.
ბიძინა ივანიშვილს ბოლოს ორ სხვადასხვა საქმეზე 148 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. მოგვიანებით თანხები სააპელაციო სასამართლომ გაანახევრა. ერთ-ერთი საქმე ეხება გლობალ TV-ის მიერ სატელიტური ანტენების დარიგებას. კონტროლის პალატამ გამოიკვლია, რომ კომპანია ამას ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით აკეთებდა. ასევე ის, რომ კომპანიის გეგმა მოგებაზე არ იყო გათვლილი და არსებობდა ცხადი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, რასაც კომპანიის წარმომადგენლები უარყოფდნენ. თუ შეგიძლიათ, ამ საქმეზე გვიამბოთ?
ეს შემთხვევა ყველაზე მყარი არგუმენტებით გამოირჩეოდა. ქართული ოცნება ახდენდა გლობალის საქმიანობის მასთან ასოცირებას. პოლიტიკური ლიდერები ამაზე საჯაროდ აცხადებდნენ, აქტივისტები მოქალაქეებს გლობალის მომსახურება-დამონტაჟებას უფასოდ სთავაზობდნენ. ეს რეგიონებში მოსახლეობის გამოკითხვისას დადასტურდა. მედიაც გადმოსცემდა, რომ ვინც ანტენებს ამონტაჟებდა, ქართული ოცნების მაისურები ეცვათ.
აშკარა იყო პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების კვეთა პოლიტიკური სუბიექტისა და კომპანიის საქმიანობაში. ისინი ფინანსურადაც აშკარად დაკავშირებულნი იყვნენ. საქმეში არსებობს მასალები, რომ გლობალ TV-იმ სერვისის 150-ლარიანი ტარიფის პირობებში 2011 წელი წაგებით დაასრულა. მას არ ჰქონდა ფულადი სახსრები და ქართუ ბანკისგან მიიღო. მან გაკოტრებულ საკაბელო კომპანიას გამოუყო ტრანში კრედიტის სახით. ნაწილი გაიცა ივანიშვილის ძმაზე, რომელიც კომპანიის მფლობელია. ნაწილი პირდაპირ კომპანიაზე გამოიყო. საბანკო ტრანზაქციის ამსახველი დოკუმენტები არსებობს.
ადვოკატები იმასაც ამბობდნენ, საიდან ამტკიცებთ, რომ ქართუ ბანკი ივანიშვილისააო. კომერციული ბანკების შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს ბენეფიციარი-მფლობელის, დამფუძნებლის სტატუსს. ამაზე დოკუმენტები საქმეშიც დევს. ქართუ ბანკის ხელმძღვანელობა მანამდეც ადასტურებდა თავის ჩვენებაში, რომ ბენეფიციარი-მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.
გარდა ამისა, ის, რომ კომპანიის წარმოდგენილი ბიზნესგეგმა იყო აშკარად წაგებიანი, ჩვენი აუდიტორების გარდა, შეამოწმა და დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც.
მეორე საქმე, რისთვისაც ივანიშვილს ჯარიმა დაეკისრა, ეხება კომპანიების – ბურჯისა და ელიტა ბურჯის მიერ ქართული ოცნებისთვის ავტომანქანით შეღავათიან ფასად მომსახურებას. კონტროლის პალატამ მომსახურება უკანონო შემოწირულობად გამოაცხადა. მეორე მხარე აცხადებდა, თითქოს კონტროლის პალატას არ ჰქონდა მტკიცებულებები, რომ კომპანიები ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პრეტენზია ჰქონდათ იმაზეც, როგორ გამოითვალა მომსახურების ღირებულება.
ზოგმა ბინდი გადაიკრა თვალებზე. თავად კომპანიის მმართველები ადასტურებენ ახსნა-განმარტებებში, რომ ეს კომპანია ივანიშვილს ეკუთვნის. სქემებს რომ ნახავთ, ვინ არიან ამ კომპანიის დამფუძნებლები – ოფშორული ფირმებია, რომლებიც ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან არიან დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთი ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია არის CHISTA ENTERPRISES LIMITED. როდესაც გასული წლის დეკემბერში პარტიების მიერ ფულის ათვისება ხდებოდა, ქართულ ოცნებას 6 მილიონი ლარი ჰქონდა დარჩენილი და მათ ამ კომპანიაში წილი იყიდეს.
ამ ოფშორული კომპანიების წარმომადგენელი და ამ შპს-ების დამფუძნებელი ერთი ადამიანია, გვარად კობიაშვილი. ის ივანიშვილის ახლო ნათესავია. არა მხოლოდ ბურჯი და ელიტა ბურჯია ასეთი – უამრავი კომპანიაა, რომელიც მომსახურებას უწევს ქართულ ოცნებას. ამის შესახებ ინფორმაციებს ვაწვდით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.
ეს საქმეც მყარად არგუმენტირებულია. წარმოიდგინეთ კომპანია, რომელიც 2011 წელს მხოლოდ ორ მანქანას ყიდულობს და უცებ, წელს, 239 მანქანას იძენს. შემდგომ ამ ახალ მანქანებს, ტოიოტას ძვირადღირებულ ჯიპებს, აქირავებენ ქართულ ოცნებაზე, თვეში 600 ლარად. ეს მაშინ, როცა შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, ასევე კერძო ბაზრის კვლევებით, ასეთი ავტომობილები დღეში მინიმუმ 150 დოლარად ქირავდება. როდესაც გაქვს ასეთი გარემოებები, აუდიტორებისთვის ადვილია გამოთვლა, რა არის მომსახურების რეალური ღირებულება, რა ფასია შეთავაზებული პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ და რა არის სხვაობა. შესაბამისად დგინდება სამართალდარღვევის ფორმულა.
მენეჯმენტ სერვისის საქმეზეც რომ გვიამბოთ...
ეს კომპანიაც ივანიშვილისაა. ის კერძო პირებისგან ფართებს ქირაობდა და შემდეგ ქვეიჯარით პარტიებზე აქირავებდა. შემდგომ ეს ოფისები გაარემონტეს. გამოვიკვლიეთ და დავთვალეთ სარემონტო სამუშაოების მინიმალური ღირებულება. პარტიების მიერ ეს არ იყო ფინანსურად აღრიცხული და, იმავდროულად, კომპანიის უკანონო შემოწირულობა გახლდათ. ამ სარემონტო სამუშაოების ღირებულება, თუ არ ვცდები, 470 ათასი ლარი იყო. შესაბამისად, სასამართლომ შეისწავლა საკითხი, დაადასტურა, რომ მენეჯმენტ სერვისმა უკანონო შემოწირულობა განახორციელა და ჯარიმაც დააკისრა.
პარტიას აქვს ვალდებულება, რომ შემოწირულობა უკან დააბრუნოს. მივმართეთ პრევენციული განცხადებით, ვუთხარით, რომ ეს 470 ათასი ლარი ბუღალტრულად აღერიცხათ და დაებრუნებინათ კომპანიისთვის, რათა უკანონო შემოწირულობის ფაქტი აღარ ყოფილიყო. თუმცა, ვიღებთ კურიოზულ შემთხვევას. მივმართეთ პარტია ქართულ ოცნებას. დღესდღეობით არსებობს 4 იურიდიული სუბიექტი ქართული ოცნება. ესენია: არაკომერციული იურიდიული პირი ქართული ოცნება, კოალიცია ქართული ოცნება, პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება და შპს ქართული ოცნება. ოთხივე დაკავებულია ერთი პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებით, რაც აბსურდული მდგომარეობაა. ეს ყველას, არასამთავრობოებსაც უნდა ადარდებდეს.
რომ მივმართეთ, მივიღეთ პასუხი: თქვენ რომელ სუბიექტს გულისხმობთ, მისამართი ხომ არ შეგეშალათ, ჩვენ ახალი პარტია ქართული ოცნება ვართ. შემდეგ მივმართეთ კოალიციაში შემავალ პარტიებს, რომელთაც ეს სარგებელი მიიღეს. მათგანაც მივიღეთ ცინიკური პასუხები, რომ ეს მომსახურება არ მიუღიათ, არადა ამ ოფისებს საარჩევნო შტაბებად იყენებენ.
ბოლოს მინდა გკითხოთ ახსნა-განმარტებებთან დაკავშირებით, რომელსაც კონტროლის პალატა მოქალაქეებისგან იღებს. ეს თემა მარტში იყო აქტუალური. საკითხი სახალხო დამცველმაც შეისწავლა და რეკომენდაციებით მოგმართათ უფლებადარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. რა გაითვალისწინეთ? რა შეიცვალა მას შემდეგ?
თავისთავად, ობიექტურ კრიტიკას ადეკვატურად ვიღებთ. მას შემდეგ, რაც მარტში ჩატარდა მასობრივი გამოკითხვა, ჩვენ სათანადო დასკვნები გამოვიტანეთ. ბევრ შეფასებას არ ვეთანხმებით, ბევრი ფაქტი იყო გაზვიადებული. თუმცა, მაინც გავატარეთ ის ღონისძიებები, რომელიც ადეკვატურად უპასუხებდა იმ დროისთვის არსებულ გამოწვევებს.
თითოეული გამოკითხვის ვიდეო და აუდიო ფიქსაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. ნებისმიერი გამოკითხული პირი უზრუნველვყავით დაცვის უფლებით, მივეცით მაღალი სტანდარტის დაცვის უფლება, ისეთივე, როგორიც არსებობს სისხლის სამართალში. შემოვიღეთ გამოსაკითხი პირის კონსულტანტის თანამდებობა, რომელიც ხვდება მოქალაქეს, აწვდის დამატებით ინფორმაციას, უწევს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას... დაიხვეწა პროცედურული საკითხებიც. როდესაც ბევრი ხალხის გამოკითხვა ხდება, წინასწარ ვაკეთებთ განცხადებას, რა პროცედურაა, რა მიზნითაა და ასე შემდეგ.
შედეგად, კონტროლის პალატის მიერ გამოკითხვები აქტუალური აღარ არის. მარტის შემდეგ დაახლოებით 250 ადამიანი გამოვკითხეთ და, პრაქტიკულად, აღარავის გასჩენია კითხვები.
ხშირად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ვაძლევთ საშუალებას, რომ ნახონ აუდიო და ვიდეოჩანაწერები. მაგალითად, სამართლიანი არჩევნების ანგარიშში ეწერა, რომ ორ ადამიანს დაუსვეს კითხვები, რომლებიც არ ეხებოდა პოლიტიკურ ფინანსებს. მოვიწვიეთ ორგანიზაციის წარმომადგენლები და ვთხოვეთ, ენახათ ჩანაწერები. მათ შეეძლოთ, სანამ საკუთარ ანგარიშს გამოაქვეყნებდნენ, მანამდე დაინტერესებულიყვნენ. შემდეგ ნახეს და დაადასტურეს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.