ლევან ბეჟაშვილი

ჩვენ არ და ვერ შევზღუდავთ სამოქალაქო აქტივობას

დეკემბრის ბოლოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა. დაფინანსების მონიტორინგი კონტროლის პალატის ფუნქცია გახდა. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები, შეიძლება, გარკვეულ შემთხვევებში ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზეც გავრცელდეს. რა კრიტერიუმები არსებობს დაკავშირებული პირის საიდენტიფიცირებლად, შეიზღუდება თუ არა მათი გამოხატვის თავისუფლება და სამოქალაქო აქტივობები, როდის შეიძლება მედია გახდეს მონიტორინგის ობიექტი – ამ და სხვა საკითხებზე ტაბულა კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა.

შეზღუდვები, რომელსაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი პოლიტიკურ პარტიებს უწესებს, რიგ შემთხვევებში შეიძლება გავრცელდეს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზეც. გარდა კანონის ზოგადი დეფინიციებისა, თუ გაქვთ კონკრეტული კრიტერიუმები დაკავშირებული პირების იდენტიფიცირებისთვის? რა სახის კავშირზეა საუბარი?

ძირითადი კრიტერიუმი ცალკეული ფიზიკური, თუ იურიდიული პირის პოლიტიკურად დაკავშირებულ პირად მიჩნევისა და მათზე საკანონმდებლო შეზღუდვების გავრცელებისა, არის მათი საქმიანობის შინაარსი და, იმავდროულად, ამ საქმიანობაზე გაწეული ხარჯების კავშირი პოლიტიკურ მიზნებთან და ამოცანებთან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტი. არსებობს სხვა კრიტერიუმებიც – კანონმდებლობითა და საერთაშორისო პრაქტიკით დადგენილი. ძირითადი კრიტერიუმები განსაზღვრულია კანონის 26-ე პრიმა მუხლით: გარდა იმისა, რომ პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირებად მიიჩნევა ის ორგანიზაციები და სუბიექტები, რომელთა ფინანსური საქმიანობა უშუალოდ უკავშირდება პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, უნდა მოქმედებდნენ დადგენილი შეზღუდვების გვერდის ასავლელად. მაგალითად, კომერციულმა იურიდიულმა პირმა, შეიძლება, პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ დაამზადოს სააგიტაციო მასალა. მას აკრძალული აქვს შემოწირულობების გაღება პოლიტიკური პარტიისთვის, ან მასთან დაკავშირებული პირისთვის. თუმცა, კანონის გვერდის ასავლელად, შეიძლება, დაბეჭდოს მსგავსი მასალა, რაც არ აღირიცხება პოლიტიკური პარტიის საფინანსო ანგარიშგებაში. ეს გახდება მონიტორინგის საგანი და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ.

კანონმდებლობით, დაკავშირებულ პირებად შეიძლება ჩაითვალოს ის, ვინც მოუწოდებს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერისკენ. შეფასების ძირითადი კრიტერიუმი, კონკრეტული მოწოდებების კავშირი უნდა იყოს ფინანსურ საქმიანობასთან.

კანონის 26-ე პრიმა მუხლის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის წინააღმდეგ. სად გადის ზღვარი?

კანონი ნათლად განმარტავს, რომ დადგენილი რეგულაციები და მონიტორინგის განმახორციელებლის ქმედებები, არ უნდა ზღუდავდეს აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა კონსტიტუციურ უფლებებს. კრიტერიუმი არის ფინანსური საქმიანობის კავშირი მოწოდებებთან და აქტივობასთან. თავისთავად, ჩვენ არ და ვერ შევზღუდავთ სამოქალაქო აქტივობას. არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს აქტიურად არიან ჩაბმულები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბუნებრივია, ეს კანონი მათზე არ გავრცელდება.

თუ რომელიმე ორგანიზაცია მხარს უჭერს პოლიტიკურ სუბიექტს, მათ არ ეხებათ შეზღუდვები. თუმცა, ამავდროულად თუ აფინანსებენ სააგიტაციო პროპაგანდას, უხდიან ხელფასს პოლიტიკურად აქტიურ პირებს, ან პარტიის წევრებს – კანონით დადგენილი შეზღუდვები ამოქმედდება. ისინი ვალდებულები იქნებიან, დაფინანსების დადგენილი წესები დაიცვან.

კანონის შინაარსი – პოლიტიკასთან დაკავშირებული ფინანსების დარეგულირება, გადაჭარბებული ფულის მავნე ზეგავლენისაგან დაცვაა და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, ან პირის აზრის გამოხატვის შეზღუდვა. აქ საუბარია მხოლოდ ფინანსური საქმიანობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევაზე.

ზოგადად, მონიტორინგის ორგანო ეფექტური უნდა იყოს: ხელი მიუწვდებოდეს ნებისმიერ საფინანსო ოპერაციაზე, რათა შემდგომში დაადგინოს ამ ტრანზაქციების კავშირი პოლიტიკურ აქტივობასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტიკური პარტიების საფინანსო საქმიანობა. სხვა სუბიექტების მონიტორინგის საკითხი შემდეგ დგება – თუ აღმოჩნდება, რომ მათი ფინანსები პირდაპირ, ან ირიბად უკავშირდება ცალკეული პოლიტიკური სუბიექტის მიზნებსა და ამოცანებს.

გაუგებარი აჟიოტაჟია გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, გაურკვეველ ინტერპრეტაციას აკეთებენ. მაგალითად, ის, რომ ამ კანონით, თუკი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუდგინდათ კავშირი პოლიტიკურ საქმიანობასთან, აეკრძალებათ წელიწადში შემოსავლის მიღება 60 ათას ლარს ზემოთ, არ ექნებათ სესხის აღების უფლება და ა.შ. კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური ბევრად უფრო ლიბერალურად განმარტავს კანონს. ვფიქრობთ, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლება, თავისუფალ სამეწარმეო გარემოში იმოქმედონ, მიიღონ შემოსავალი, ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს. კანონმდებლობით დაცულია საკუთრების უფლებაც და ჩვენი მანდატი, ბუნებრივია, მის შეზღუდვაზე არ ვრცელდება. აქ არც არასამთავრობო ორგანიზაციების ტრადიციული საქმიანობა ექცევა, რომლებსაც აქვთ საკუთარი პროექტები სამოქალაქო სექტორის, ქვეყანაში პოლიტიკური, დემოკრატიული სისტემის განსავითარებლად.

ბოლოს თქვენ ფინანსური ანგარიში გამოითხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი თაობა – ახალი ინიციატივისგან. განმარტეთ, რომ ორგანიზაცია პოლიტიკურ პირებთან ასოცირების გამო არ შეგიმოწმებიათ, არამედ, სხვანაირად მათი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო. რატომ უნდა ყოფილიყო? ყველა სხვა ორგანიზაციის ხელმისაწვდომია?

ნებისმიერი ორგანიზაციის საფინანსო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ სხვადასხვა ლეგალური წყაროდან ვიღებთ. ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას ვებგვერდზეც აქვს გამოქვეყნებული. ზოგი პრესის საშუალებით აქვეყნებს. ამ შემთხვევაში ვერ მოვიპოვეთ მსგავსი ინფორმაცია.

აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი? რის საფუძველზე შეამოწმეთ?

ცალკეული პოლიტიკურად აქტიური პირებიც ასოცირდებოდნენ ამ ორგანიზაციის საქმიანობასთან. არსებობენ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა საქმიანობასთან ასევე ასოცირდებოდნენ პოლიტიკოსები. მათ ფინანსურ საქმიანობას მეტ-ნაკლებად ვიცნობთ. გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა ლეგალური, საჯარო წყაროებიდან. ახალი თაობა – ახალი ინიციატივაში გაიგზავნა წერილი, რათა მიგვეღო ეს ინფორმაცია. დადგინდა, რომ მათ ფინანსურ საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ სუბიექტებთან.

თავისთავად ის, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პირებს ოდესღაც ჰქონდათ კავშირი ამა თუ იმ ორგანიზაციასთან, რამდენადაა საკმარისი საფუძველი და დასაბუთება, რომ გამოითხოვოთ ინფორმაცია ფინანსებზე?

არ არის საკმარისი. უნდა იყოს სხვა საფუძვლებიც, ვარაუდები და დასაბუთებული ეჭვები.

ამ შემთხვევაში რა იყო, გარდა იმისა, რომ, უბრალოდ, ხელი არ მიგიწვდებოდათ?

პირველი და მთავარი, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია მათ ფინანსურ საქმიანობაზე.

ყველა სხვა ორგანიზაციაზე გაქვთ? 10 ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა ქვეყანაში.

კი, მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული. აქ საუბარია ძირითად აქტორებზე, რომელთაც აქტიური დაფინანსება აქვთ და პროექტებს ახორციელებენ.

თქვენ ფინანსური ანგარიში გამოითხოვეთ რესპუბლიკური ინსტიტუტისგანაც. განმარტეთ, რომ რესპუბლიკური ინსტიტუტი რესპუბლიკურ პარტიასთანაა კავშირში. მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა სხვადასხვა პარტიებთან დაკავშირებული ინსტიტუტების არსებობის, როგორიცაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული, ან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ადენაუერის ფონდი და ა.შ. დაუწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვა რესპუბლიკურ ინსტიტუტს?

რესპუბლიკური ინსტიტუტი რესპუბლიკური პარტიის კონტროლქვეშაა. კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, პარტია ვალდებულია, წლიურ საფინანსო დეკლარაციასთან ერთად წარმოადგინოს მის კონტროლქვეშ არსებული იურიდიული პირების შესახებ ინფორმაცია. ეს პირველ თებერვლამდე უნდა გაეკეთებინათ. ეს ორგანიზაცია ექცევა 26-ე პრიმა მუხლის დეფინიციაში და მასზე ვრცელდება რეგულირებები, რაც გათვალისწინებულია კანონით ფინანსური საქმიანობის ნაწილში.

სწორად აღნიშნეთ, რომ მსოფლიოში პარტიებს აქვთ მსგავსი ინსტიტუტები. ბუნებრივია, რესპუბლიკურ ინსტიტუტს აქვს სამოქალაქო აქტივობის განხორციელების უფლება, კვლევების ჩატარების და ა.შ. ამას კანონი არ ზღუდავს. ლაპარაკია რეგულირებებზე, რომელიც დაკავშირებული იქნება შემოსავლების მიღებასთან, მათ წარმომავლობასთან, ხარჯებიც არ უნდა უკავშირდებოდეს პარტიულ საქმიანობას. ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, ისინი კვლევითი საქმიანობით ნაკლებად იყვნენ დაკავებული. სულ რამდენიმე დიდი მოცულობის ტრანზაქცია ჰქონდათ და ფული დაახლოებით 2-კვირიან შუალედში დაიხარჯა.

საერთაშორისო გრანტის მიღებას თუ შეძლებენ?

კანონი ამ მიმართულებით ადგენს რეგულირებებს. მის თანახმად, რესპუბლიკურ ინსტიტუტზე იგივე შეზღუდვები ვრცელდება, როგორიც პარტიაზე. პარტიას აქვს უფლება, მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციების შემოწირულობები ლექციების, სემინარების და სხვა საჯარო ღონისძიებების განსახორციელებლად. თანხები მხოლოდ ამაზე უნდა დაიხარჯოს.

ხომ შესაძლებელია, ლექციები და სემინარები პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ?

კანონმდებელი უშვებს ამ გამონაკლისს – თუ ლექცია იმაზეა, როგორ უნდა მობილიზდეს საჯარო თანხები, საარჩევნო პროცესს როგორ უნდა დააკვირდნენ და მსგავს საკითხებზე.

ასეთი სიტუაცია რომ განვიხილოთ – ვთქვათ, პოლიტიკურად აქტიური პირი გარკვეულ პროდუქციას, ან მომსახურებას ყიდულობს. ისინი კი, ვისაც მომსახურებაში ფულს გადაუხდიან, შემდეგ პოლიტიკურ აქტივობას განახორციელებენ – მაგალითად, ფულს შესწირავენ პარტიას. ჩაითვლებიან თუ არა ისინი დაკავშირებულ პირებად?

საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს სქემები, როდესაც იურიდიულ პირს დაფინანსების უფლება არ აქვს, აძლევს ამ თანხებს ფიზიკურ პირებს და შემდგომში ეს ფიზიკური პირები აფინანსებენ პოლიტიკურ სუბიექტს. თუ დადგინდა, რომ ეს კანონის გვერდის ასავლელად, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის ირიბად დასაფინანსებლად კეთდება – შესაბამისი სანქციებიც დაწესდება. იურიდიულ პირებს არ აქვთ დაფინანსების უფლება და მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ.

ფიზიკურ პირებსაც ვგულისხმობ, მაგალითად, ხელფასი რომ გაეზარდოთ და შეიტანონ შემოწირულობები...

პარტიები შემოწირულობების მიღებიდან სამ დღეში გვაწვდიან ინფორმაციას. ჩვენი სამსახურები კი სწავლობენ თითოეულ ტრანზაქციას. გვაქვს უფლება, შემომწირველს მოვთხოვოთ ინფორმაცია თანხის წარმომავლობაზე და მიღებული ინფორმაციით ვიმსჯელოთ, რამდენად რეალურია.

ზოგადად, რთულია მსგავსი სიტუაციების მოდელირება. გვთხოვენ, რომ კონტროლის პალატამ გარკვეული სახელმძღვანელო პრინციპები შეიმუშაოს, თუმცა ეს იოლი არაა. შეუძლებელია, ყველა შემთხვევა წინასწარ განსაზღვრო. აქტიურად ვმუშაობთ და ვიმუშავებთ არასამთავრობო სექტორთან, რომ შევძლოთ კანონის ცალკეული ნორმების კომენტირება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის აკრძალული და რა არის ნებადართული – კონკრეტული მაგალითებითა და კომენტარებით. თუმცა, დაგვრჩება უფლება, რომ კონკრეტულ სიტუაციებში კონკრეტული გარემოებების შესაბამისად მოვიქცეთ.

მედია რა შემთხვევაში შეიძლება, მოექცეს თქვენი მონიტორინგის ქვეშ? დასავლურ ქვეყნებში არსებობს პრაქტიკა, როდესაც მედია ღიად უჭერს მხარს კანდიდატს, ან ასევე ღიად გამოდის რომელიმეს წინააღმდეგ. გამოიწვევს მსგავსი ქცევა მედიის რაიმენაირ შეზღუდვას საქართველოში? ან რაიმე ეჭვის საფუძველი თუ გახდება თქვენთვის?

ჩვენი მონიტორინგის სამსახური არ შეეხება მედიის არც ფინანსურ საქმიანობას და არც, თავისთავად, სარედაქციო დამოუკიდებლობას. გვქონდა შემთხვევა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკურად აქტიური სუბიექტის ფინანსები გადაირიცხა მედიასაშუალებებში. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ფასზე ძვირად შეისყიდა მომსახურება, ჩვენ მათ არ შევხებივართ და არც კითხვები დაგვისვამს, რაში დახარჯეს ეს ფული. მონიტორინგში მედიასაშუალებებისთვის გადარიცხული თანხები მხოლოდ იმ კუთხით მოექცევა, რომ ეს თანხები გადაირიცხა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. როგორ აითვისეს, ეს ჩვენი ინტერესი არაა.

რაც შეეხება მოწოდებას, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას ჩვენ არ ვეხებით. არც კანონი ადგენს შეზღუდვებს. საუბარია ფინანსების დაკავშირებაზე რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან. თუ ასეთი ფაქტები დადგინდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მონიტორინგის სამსახურის ჩართვა. ამ ფინანსების გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოქცევაზეა საუბარი. ამას მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი ითვალისწინებს.

თუ ვნახავთ, რომ, ვთქვათ, რომელიმე ტელევიზია უჩვეულოდ ბევრ თანამშრომელს აიყვანს, რომლებიც შემდგომ ჟურნალისტური საქმიანობით კი არა, პოლიტიკური აგიტაციით იქნებიან დაკავებული; თუ ვნახავთ, რომ ისინი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები – ამ შემთხვევაში თვალსაჩინო იქნება ფინანსების კავშირი პოლიტიკურ აქტივობასთან და მონიტორინგი ამოქმედდება. აქ არა ერთჯერად ჩართულობაზე, არამედ კამპანიურ ხასიათზეა საუბარი. თავისთავად, მედიასაშუალება არ შეიძლება, მონიტორინგის საგანი იყოს. მათი საქმიანობა დაცულია.

 

კომენტარები