საკანონმდებლო წინადადება

მმართველი პარტია must carry-ის პრინციპის შემოღების წინააღმდეგია

მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის სამოქალაქო კამპანიის „ეს შენ გეხებას” მიერ შეთავაზებული წინადადება საინფორმაციო არხების სავალდებულო ტრანზიტის პრინციპთან დაკავშირებით მიუღებელია. ამის შესახებ მმართველ გუნდში 14 ივნისს კამპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

„ინფორმაციის პლურალიზმს არაფერი არ ემუქრება. ძალიან ბევრი ტელეკომპანიაა, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს ხელმისაწვდომობა ყველა არხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ახალი ვალდებულებების შემოღება საკაბელოებისათვის არ იქნება სწორი. ეს არის კონკურენტუნარიანი ბაზარი. აქედან გამომდინარე, თვითონ კონკურენციის პირობებში უნდა გადაწყვიტონ როდის, რა პირობებით, რომელი მაუწყებლის გავრცელება იქნება მათთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა.

სამოქალაქო კამპანიის წარმომადგენლების თქმით, ”ეს შენ გეხება” საინფორმაციო არხების სავალდებულო ტრანზიტის პრინციპთან დაკავშირებით მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

მაისის დასაწყისში კამპანია „ეს შენ გეხებამ” პარლამენტს წარუდგინა კომპლექსური საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც ავტორთა თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

საკანონმდებლო წინადადებების პრიორიტეტული ნაწილია ე.წ. Must carry-ის და must offer-ის პრინციპები, რომლებიც, შემოღების შემთხვევაში, დაავალდებულებს საკაბელო ქსელებს, რომ საქართველოში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი განახორციელონ, საინფორმაციო არხების შერჩევითი ამოღების გარეშე. მეორე მხრივ, მაუწყებლები ვალდებულნი გახდებიან, რომ საკაბელო ოპერატორებს რეტრანსლირების უფლება მისცენ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსიისას განაცხადა, რომ Must carry-ის პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას გულისხმობს.

"ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ ხდება და მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებათ სხვა მაუწყებლებზე, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას გამოხატავენ," - განაცხადა ჯონ ბასმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო ვითარების პირობებში უმნიშვნელოვანესია, ინფორმაციის ფართო სპექტრის გაცნობისა და განსხვავებული პოლიტიკური პარტიების აზრის მოსმენის საშუალება საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს.

 

კომენტარები