საქართველო-აშშ

აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოს დახმარების შესახებ შეთანხმების დეტალებს აკონკრეტებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტია შეჯამებული. ოფიციალურ დოკუმენტში აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოს დახმარების შესახებ შეთანხმების დეტალებს აკონკრეტებს.

"მიმდინარე წლის 30 იანვარს პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრეს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც მიღწეული იყო პრეზიდენტ ობამას დაპირების შესრულების პროცესში. იგი გულისხმობს: ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით; ნატოსთან საქართველოს თავსებადობის გაზრდას ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ; საქართველოს სამხედრო და თავდაცვითი სისტემის შემდგომ რეფორმირებას. ჩვენ განვიხილეთ ის გზები, რომლითაც დახმარებას გავუწევთ საქართველოს, რათა მან განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დოკუმენტის თანახმად, მომდევნო თვეებში ანალიზისა და შეფასების ეტაპიდან იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლასთან ერთად, აშშ განიხილავს საქართველოს მოთხოვნებს, შეისყიდოს თავდაცვითი შეიარაღება და მომსახურება აღნიშნული წვრთნისა და დახმარების შესაბამისად. დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე აშშ-მ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უწყვეტი მხარდაჭერაც დააფიქსირა.

განცხადებაში აგრეთვე, აღნიშნულია, რომ კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნის აუცილებლობის საკითხი ბათუმში ვიზიტისას, დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაისვა.

”აშშ-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები საქართველოს საშუალებას აძლევს, ახალი პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევით დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდირება მოახდინოს და კიდევ უფრო განამტკიცოს დემოკრატიული კულტურა, მოქალაქეთა ნდობა საჯარო ინსტიტუტების მიმართ, რაც ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებასთან საქართველოს კიდევ უფრო დააახლოვებს", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამასთან, ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი ასევე შეთანხმდა სისხლის სამართლის რეფორმის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და ადმინისტრაციული კოდექსის რეფორმის მნიშვნელობაზე საქართველოში კანონის უზენაესობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

"აშშ-მა აღნიშნა უმცირესობათა უფლებების დაცვაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვილებების გზით და მხარდაჭერა გამოუცხადა უმცირესობათა ინტეგრირების მიზნით საქართველოს უწყვეტ ძალისხმევას", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები