ევრო 2012:

იტალია 1:1 ხორვატია

მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ერთგზის ჩემპიონი იტალია ხორვატიას ევროპირველობების ფინალურ ეტაპზე პირველად დაუპირისპირდა. პოზნანში გამართული მატჩი 2006 წლის შემდეგ ამ გუნდების პირველი პაექრობა იყო: გერმანიაში გამართული მუნდიალიდან ერთ თვეში, ხორვატებმა პირველად ითამაშეს ახალი მწვრთნელის სლავენ ბილიჩის ხელმძღვანელობით და იტალიელებს ლივორნოში ამხანაგურ მატჩში სძლიეს 2:0.

მესამე წუთზე პირველი შეტევა ვიხილეთ: იტალიის ნაკრების ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ დაარტყა ხორვატთა კარში, თუმცა მცირე მანძილით ააცილა. ბევრი ფიქრობდა, რომ ბალოტელი ბალკანელებთან საერთოდ არ ითამაშებდა, მაგრამ ჩეზარე პრანდელიმ მანჩესტერ სიტის ფორვარდი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

მე-12 წუთზე იტალიის ნაკრებმა უფრო სახიფათოდ შეუტია: ხორვატებმა ჯერ მარიო ბალოტელის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერიეს, რამდენიმე წამში კი კლაუდიო მარკიზიომ დაარტყა საჯარიმოს გარედან - ბურთი სანტიმეტრებით გადაევლო სტიპე პლეტიკოსას კარს. მალე მეკარეც ჩაერთო თამაშში: ბალოტელის ზუსტი და ძლიერი დარტყმა გაჭირვებით მოიგერია.

სლავენ ბილიჩის გუნდმა პირველი სახიფათო მომენტი მე-20 წუთზე შექმნა. გუნდის კაპიტანმა დარიო სრნამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა საჯარიმოში, იელავიჩმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ იტალიელთა გუნდისთავს ბუფონს მაინც გაუჭირდა შეტევის მოგერიება.

30-ე წუთზე სკუადრა აძურას ანგარიშის გახსნა შეეძლო: ანტონიო კასანო მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად გაცდა მცველებს და საჯარიმოში შევიდა, თუმცა კართან მისულს, შილდენფელდმა სუფთად აართვა ბურთი. სამ წუთში ხორვატები კვლავ გადაურჩნენ გოლს: კასანოს დარტყმული ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს. ამას მარიო ბალოტელის შორეული დარტყმაც მოჰყვა.

39-ე წუთზე იტალიელთა ტანმაღალი თავდამსხმელის აქტიურობას სასურველი შედეგიც მოჰყვა. ხორვატები მარიო ბალოტელისთან ორთაბრძოლისას საჯარიმოს კუთხესთან დაჯარიმდნენ, სტანდარტული მდგომარეობა კი ოსტატურად გამოიყენა ტურინის იუვენტუსის გამთამაშებელმა ანდრეა პირლომ - ბრწყინვალედ დაარტყა და ანგარიში გახსნა - 1:0! ბურთი ცოცხალ კედელს გადაევლო და მიუხედავად იმისა, რომ პლეტიკოსამ ბურთს ხელი აჰკრა, კარის გადარჩენა ვეღარ შეძლო. 33 წლის პირლომ ნაკრებში ჩატარებულ 85-ე მატჩში მეათე გოლი შეაგდო.

72-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: იტალიის ნაკრების მცველები ერთადერთხელ შეცდნენ და ამით ბრწყინვალედ ისარგებლა ხორვატთა საუკეთესო ბომბარდირმა მარიო მანჯუკიჩმა - ჯანლუიჯი ბუფონის კარი უძლიერესი დარტყმით დალაშქრა - 1:1. ამ შემთხვევაში ჯორჯო კიელინიმ ზუსტად ის შეცდომა დაუშვა, რაც ერთი დღით ადრე პეპემ დანიასთან შეხვედრაში - თავდამსხმელზე ადრე ამხტარს ბურთი თავზე გადააფრინდა.

საბოლოოდ 1:1. იტალიამ ზედიზედ მეორედ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა და ისევე, როგორც ესპანეთთან, კვლავ ქულას დასჯერდა. ჩეზარე პრანდელის გუნდს ზედიზედ ხუთი მატჩია ვერ მოუგია: ევროპის ჩემპიონატამდე სკუადრა აძურა სამ ამხანაგურ თამაშში დამარცხდა.

* * *

14 ივნისი, 2012. ევრო 2012 – C ჯგუფი, II ტური. პოზნანი, მუნიციპალური

იტალია 1:1 ხორვატია

გოლები: 1:0 ა.პირლო (39), 1:1 მ.მანჯუკიჩი (72)

იტალია: ჯ.ბუფონი (კაპ), კ.მაჯიო, ლ.ბონუჩი, ჯ.კიელინი, დ.დე როსი, ე.ჯაკერინი, ტ.მოტა (რ.მონტოლივო 63), ა.პირლო, კ.მარკიზიო, ა.კასანო (ს.ჯოვინკო 83), მ.ბალოტელი (ა.დი ნატალე 70)

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი

ხორვატია: ს.პლეტიკოსა, დ.სრნა (კაპ), ვ.ჩორლუკა, გ.შილდენფელდი, ი.სტრინიჩი, ო.ვუკოიევიჩი, ლ.მოდრიჩი, ი.რაკიტიჩი, ი.პერიშიჩი (დ.პრანჯიჩი 68), ნ.იელავიჩი (ედუარდო 83), მ.მანჯუკიჩი (ნ.კრანჩარი 90)

მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გაფრთხილება: ტ.მოტა, რ.მონტოლივო

მსაჯები: ჰ.ვები (ინგლისი); მ.მალარკი (ინგლისი), პ.კირკაპი (ინგლისი)

კომენტარები