ელინორ ოსტრომი

ნობელიანტი ელინორ ოსტრომი გარდაიცვალა

გუშინ დილით ეკონომიკაში ნობელის პრემიის ერთადერთი ლაურეანტი ქალი - ელინორ ოსტრომი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე აღმოჩნდა. პოლიტოლოგმა, ეკონომისტმა და ფილოსოფიის დოქტორმა, არაერთ პოლიტიკური ფილოსოფიის და ეკონომიკის მართვის დინამიურ გამოკვლევას დაუდო საფუძველი. ოსტრომი ეკონომისტთა წრეებში ნაკლებად ცნობილი იყო და 2009 წელს მას ნობელის პრემიის კანდიდატადაც კი არ განიხილავდნენ.

ოსტრომმა ნობელის პრემია ეკონომიკური მართვის და  არასაბაზრო ეკონომიკური ტრანსაქციების ანალიზისთვის დაიმსახურა. მან პრიზი ოლივერ უილიამსონთან გაიყო. ოსტრომის კვლევის მთავარი საგანი ლოკალური ჯგუფების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვა იყო. სხვა მეცნიერებისგან განსხვავებით, ოსტრომმა კლევაში აჩვენა, რომ ბაზარზე შექმნილი პრობლემები არა სახელმწიფო ჩარევით, არამედ დეცენტრალიზაციითა და ადგილობრივი ძალისხმების გაძლიერებით უნდა მოხდეს. მკვლევარი განთქმულია თავის ნაშრომებში ანთროპოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რაც ბევრი ეკონომისტისთვის მიუღებელია.

ნაშრომში  „თემების მართვა: კოლექტიური მოქმედების ინსტიტუტების ევოლუცია“ იგი მიუთითებს, რომ საკუთრების კოლექტიური ფორმა შეიძლება იყოს არანაკლებ ეფექტური, ვიდრე ცენტრალიზებული ან პრივატიზებული (სხვა ეკონომისტები იმ პერიოდში მაღალი ცენტრალიზაციის ეფექტიანობასთან პირდაპირპროპორციულობას ამტკიცებდნენ). ელინორმა კომპლექსური სარგებლობის პროდუქტზე გამოკვლევების შედეგად დაასკვნა, რომ საზოგადოებრივი საკუთრება მომხმარებელთა ასოციაციის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. აღნიშნული კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი რესურსის განადგურება ძირითადად ადამიანების გადამეტებულად აქტიური მოქმედების შედეგია, ხოლო მის პრევენციას ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან და კოლექტიური საქმიანობის ფენომენთან მივყავართ. ოსტრომი ინოვაციური იყო იმ კუთხით, რომ მან პირველმა დააკავშირა ეკოსისტემის რაციონალური მოხმარება ეკონომიკის არაფორმალური სექტორის მოწყობასთან.

ოსტრომმა მოახდინა სამართლებრივი და ეკონომიკური ცოდნის სინთეზი და დაადგინა, რომ მსგავსად ხელისუფლების სამი შტოს დანაწილების მონტესკიესეული მოდელისა, ეკონომიკისთვისაც მომგებიანია დაყოფა და არა მასშტაბის პრინციპი. საბოლოოდ კი განსაზღვრა, რომ მიუხედავად უნივერსალური პრინციპის არარსებობისა, კერძო ან კოლექტიური საკუთრება ყოველთვის მეტად ეფექტური იქნება სახელმწიფო საკუთრებაზე, ისევე როგორც დეცენტრალიზაცია  - ცენტრალიზაციაზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, განვითარებულ ქვეყნებში არსებული დიდი ინტერესი ოსტრომის თეზისების მიმართ. ეკონომიკის არაერთი სექტორის მასიური ნაციონალიზიის გათვალისწინებით ბუნებრივია ხალხის მხრიდან საკუთრების მართვისადმი ინტერესი იზრდება.

 

 

 

კომენტარები