მოდა

ისევ სევდანარევი ქართული მოდა

ეკა ბალანჩივაძის კოლექციიდან

ეკა ბალანჩივაძის კოლექციიდან
-20 მაისს უკვე მეექვსედ გაიმართა თბილისის მოდის კვირეული, რომელზეც შემოდგომა-ზამთარი 2012-13-ის კოლექციები იყო წარმოდგენილი. ამჯერად კვირეულში მხოლოდ ცხრა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა. ასევე ტრადიციულად გაიმართა ახალბედა დიზაინერების კონკურსი, რომელშიც კრისტი კახიძემ გაიმარჯვა.

ორგანიზატორებმა მოდის კვირეულის ჩატარების ადგილად რიყე, ბუდა ბარის გვერდით ჯერ აუთვისებელი ბეტონის სივრცე აირჩიეს – პირველ დონეზე აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა და შოურუმი მოეწყო, ქვედა სივრცეში კი ერთი პოდიუმი, რომელიც სრულიად საკმარისი იყო თითქოს უკვე მრავალჯერ ნანახი კოლექციების საჩვენებლად.

კვირეული დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კოლექციით და ბრენდ „მავის” აქსესუარების ფოტოგამოფენით გაიხსნა. მომავალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციები ასევე წარმოადგინეს: აკა ნანიტაშვილმა, ეკა ბალანჩივაძემ, ლელა ელოშვილმა, ატელიე 10ა-მ, გიორგი შაღაშვილმა, ქეთი ჩხიკვაძემ, დათუნა სულიკაშვილმა და ბიბი ბახტაძემ. შემოდგომა-ზამთრის სეზონს კოლექციების ნაწილი საერთოდ ვერ პასუხობდა – მათში მრავლად იყო წარმოდგენილი შიფონის კაბები და ფერადი საზაფხულო მაისურები, ხოლო პალტოსა და ჩექმას აქ ნაკლებად ნახავდით.

წლების განმავლობაში ქართული მოდის სფეროში უცნაური სიტუაცია ჩამოყალიბდა – არ გვაკლია არც დიზაინერები, არც მოდასთან დაკავშირებული სხვადასხვა საღამოები, მაგრამ არ არსებობს მთავარი – ამ საქმისადმი რეალური

აკა ნანიტაშვილის კოლექციიდან
დამოკიდებულება. თანამედროვე მსოფლიოში მოდა შემოქმედებაზე მეტად ბიზნესია – ტანისამოსის კერვის, გავრცელების და ტარების ბიზნესი. მოდის კვირეული სწორედ ამის დასტური აღმოჩნდა. მონაწილე დიზაინერები სეზონიდან სეზონამდე იცვლებიან, რადგან ჯერ ვერ მოხერხდა მყარი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც კომერციულ წნეხს გაუძლებს და ყველა სეზონზე მოახერხებს კოლექციების შექმნას. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არ არსებობს საზოგადოება, რომელიც ქართველ დიზაინერებს მხარს დაუჭერს – თბილისში მხოლოდ ერთი მაღაზიაა, რომელიც ქართულ პროდუქციას ყიდის. რა თქმა უნდა, აქ უკვე დგება ხარისხის და ორიგინალურობის საკითხი – რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული დიზაინი?!

ლელა ელოშვილის კოლექციიდან
პრობლემა ისაა, რომ კოლექციების თუ მთლიანი არა, დიდი ნაწილი უკვე მრავალჯერ გადაღეჭილი იდეების ხშირად უხარისხო მიბაძვაა. გაურკვეველი მიზეზების გამო, ქართველ დიზაინერებს არ ყოფნით ძალა, დამკვიდრებული ტენდენციის წინააღმდეგ წავიდნენ და შექმნან თავიანთი ორიგინალური ხელწერა როგორც სამოსის შექმნის, ისე პერფორმანსის მხრივ. ეს დაუსრულებელი გატაცება იაპონელი დიზაინერებით, განსაკუთრებით კი დიდი სიყვარული იოჯი იამამოტოსა და რეი კავაკუბოსადმი, არაერთ კოლექციაში გამოიკვეთა. იყო ასევე რაფ სიმონსის, ენ დემიულმეისტერის და რიკ ოუენსის ქართული ასლები. აღარ გავაგრძელებთ უფრო კონკრეტული პარალელების მოყვანას, ვინაიდან არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ეს მხოლოდ მეექვსე კვირეული გახლდათ და ქართულ მოდას განვითარებისთვის ჯერ კიდევ დიდი დრო სჭირდება. ამას კი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა კიდევ უფრო ართულებს.

კომენტარები