აშშ

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ბარაკ ობამას განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აშშ–ს პრეზიდენტის მიერ პოლონეთის წინააღმდეგობრივი მოძრაობის მებრძოლების თავისუფლების მედლით დაჯილდოების დროს „პოლონურ სიკვდილის ბანაკზე“ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ შეერთებული შტატების პირველი პირის მიერ ნათქვამი სიტყვების კომენტირებისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე გერმანიის მიერ განლაგებული ბანაკები იგულისხმა.

პოლონეთის პრემიერ–მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, დაჯილდოების ცერემონიალზე ბარაკ ობამას მიერ წარმოთქმული სიტყვა არასამართლიანია. მისი აზრით, არსებულ ვითარებაში ჩვეულებრივი ბოდიშის მოხდა არ კმარა.

„აღნიშნული საკითხი პოლონელებისათვის ძალიან მტკივნეულია და ჩვენ ამ ფაქტს უგულისყუროდ ვერ მოვეკიდებით.“ – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, აშშ–ს პრეზიდენტის წინდაუხედავმა ნაბიჯმა შესაძლოა შეერთებული შტატების რეპუტაციაზე იმოქმედოს.

 

კომენტარები