სერბეთი

ბორის ტადიჩი შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გახდეს

სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი მზადაა ქვეყნის მომავალ მთავრობას სათავეში ჩაუდგეს და პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა თავისი პარტიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცოტა ხნის წინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ტადიჩი ამჟამად ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კოალიციაში შემავალი ყველა პარტია დათანხმდება საერთო მიზნებისა და გეგმების ჩამოყალიბებაზე, იგი მზადაა პრემიერ-მინისტრი გახდეს.

ექსპერტების მოსაზრებით, სერბეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი იძულებული იქნება აღნიშნულ პოსტზე ქვეყნის ყოფილი პირველი პირი დაამტკიცოს.

სერბეთში 6 მაისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ნიკოლიჩის ნაციონალურ-პროგრესულმა პარტიამ მანდატების ყველაზე დიდი რაოდენობა მიიღო. თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებისათვის აუცილებელი ხმები დემოკრატებს ერგოთ.

 

კომენტარები