26 მაისი

ირანის პრეზიდენტმა "მოძმე ქართველ ხალხს" დამოუკიდებლობის დღე მოულოცა

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა თავისი ქართველი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს 26 მაისის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 „პრეზიდენტმა თავის გზავნილში იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდება ორმხრივ და საერთაშორისო სფეროებში და ჩამოყალიბდება მშვიდობა და სამართლიანობა და აღმოიფხვრება დისკრიმინაცია მსოფლიოს მასშტაბით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც, civil.ge-ს ცნობით, ირანის პრეზიდენტის ვებ–გვერდზე 26 მაისს გამოქვეყნდა.

 „ვიყენებ შესაძლებლობას და ვთხოვ ყოვლისშემძლე ღმერთს აყვავებას და პროგრესს დიდი მოძმე ქართველი ერისთვის და მთავრობისთვის“, – ნათქვამია ირანის პრეზიდენტის მისალოცში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ირანის პრეზიდენტმა მისალოცი ბარათი მიხეილ სააკაშვილს 2008 წელს გაუგზავნა, როდესაც ის მეორედ იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად; 2012 წლის მარტში საქართველო იმ 38 ქვეყანას შორის იყო, რომელთა ლიდერებმაც ირანის პრეზიდენტისგან ნოვრუზთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები მიიღეს.

 

კომენტარები