საქართველო-აშშ

ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, 5 ივნისს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება.

სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა. 5 ივნისს ბათუმში კლინტონი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ჰილარი კლინტონი საქართველოდან 6 ივნისს აზერბაიჯანში გაემგზავრება. ბაქოდან კი, სახელმწიფო მინისტრი თურქეთში ჩავა, სადაც გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჰილარი კლინტონმა მისალოცი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოში მომავალ ვიზიტზეც ამახვილებს ყურადღებას.

კლონტონმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე პრეზიდენტ ობამასა და აშშ-ს ხალხის სახელით მიულოცა.

„რამდენიმე დღეში მექნება შესაძლებლობა მოვინახულო ბათუმი, რათა კვლავ ვიგრძნო სითბო ქართველი ხალხისაგან და კვლავ დავადასტურო ჩვენი ერთგულება საქართველოს მომავლისადმი“, - ნათქვამია სახლმწიფო მდივნის განცხადებაში.

„წელს ჩვენ ორმხრივი ურთიერთობის ოცი წლისთავს ავღნიშნავთ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახემწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაში“, - აცხადებს ჰილარი კლინტონი.

იგი ადასტურებს, რომ აშშ კვლავაც გაუწევს საქართველოს დახმარებას ევროატლანტიკური კავშირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში. „ჩვენ მტკიცედ ერთგულები ვრჩებით საქარათველოს ტერიტორუული მთლიანობის მხარდაჭერისა. ჩვენ ვიყავით ქართველ ხალხთან 20 წლის წინ, თქვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე და დღესაც თქვენს გვერდით ვდგავართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

კლინტონის განცხადებით, აშშ „მოუთმენლად ელოდოება ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.

 

კომენტარები