არჩევნები ეგვიპტეში

ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნებში ძმები მუსულმანების კანდიდატი ლიდერობს

ეგვიპტეში 23–24 მაისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ისლამისტური მოძრაობა ”ძმები მუსულმანების” კანდიდატი მოხამედ მურსი ლიდერობს.

მოძრაობის წარმომადგენელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტიის ”თავისუფლება და სამართლიანობა” წევრ მოხამედ მურსს 200-ზე მეტ საარჩევნო უბანზე დათვლილი ხმების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასვლა გარანტირებული აქვს.

ოფიციალური შედეგები სავარაუდოდ სამშაბათს გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ პირველივე ეტაპზე გამარჯვებული არ გამოიკვეთება, ხმის მიცემის მეორე ტური 16–17 ივნისს ორ მთავარ კანდიდატს შორის შედგება.

ექსპერტების შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ეტაპზე გადასვლის შანსი გარდა მოხამედ მურსისა, აქვთ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ამრ მუსას, ზომიერ ისლამისტს აბდელ მონეიმ აბულ ფოტუხს, ყოფილ პრემიერ–მინისტრს ახმედ შაფიკს და აგრეთვე, მემარცხენე პოლიტიკოსს ხამდინ საბახს.

ეგვიპტეში ქვეყნის მოსახლეობამ არჩევანი ყოფილი მმართველის, ჰოსნი მუბარაკის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, რომელიც გასული წლის თებერვალში მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა, პირველად გააკეთა.

სამხედრო ძალებმა, რომლებიც ქვეყანას მუბარაკის გადადგომის შემდეგ მართავენ, განაცხადეს, რომ ეგვიპტის მმართველობას მშვიდობიანად გადასცემენ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს.

 

კომენტარები