იტალიის ჩემპიონატი

კონტეს ახალი კონტრაქტი

იტალიის ჩემპიონმა ტურინის იუვენტუსმა ანტონიო კონტესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა: მთავარი მწვრთნელბი გუნდის სათავეში 2015 წლის 1 ივლისამდე დარჩება.

”კლუბის ხელმძღვანელობა კონტეს მუშაობით კმაყოფილია და ვფიქრობთ, მის ხელში გუნდი კიდევ არაერთ ტიტულს მოიგებს. მას იუვენტუსს ის სული შთაბერა, რომელიც გუნდს განვლილ სეზონებში აშკარად აკლდა და გვინდა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდეს,” - განაცხადა იტალიის ყველაზე ტიტულიანი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ.

42 წლის ანტონიო კონტემ ტურინული კლუბი შარშან ზაფხულში ჩაიბარა და პირველივე სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა. ხაზგასასმელია, რომ კონტეს გუნდმა პირველობა დაუმარცხებლად მოიგო! იუვენტუსს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ქვეყნის თასის ფინალში ნაპოლისთან 0:2 დამარცხდა.

2012-2013 წლების ჩემპიონთა ლიგაში იუვენტუსი ჯგუფურ ტურნირში ითამაშებს.

ანტონიო კონტე 1991-2004 წლებში იუვენტუსის შემტევი ნახევარმცველი გახლდათ და 418 ოფიციალურ მატჩში 43 გოლი გაიტანა. შავ-თეთრი მაისურით მან 5-ჯერ მოიგო იტალიის პირველობა, 3-ჯერ აღმართა ქვეყნის სუპერთასი, თითოჯერ კი იტალიის, ჩემპიონთა, უეფას, ინტერტოტოს, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასებს დაეუფლა.

სკუადრა აძურას მაისურით კონტემ 20 მატჩში 2 გოლი გაიტანა: 1994 წელს მსოფლიოს, ხოლო 2000 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები