
ფოტო: REUTERS
სასამართლომ ტელეკომპანიის უფროსი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და ზნეობრივი ღირებულებების ხელყოფისთვის ცნო დამნაშავედ. ანიმაციური ფილმი, რომელმაც ტუნისელების გაღიზიანება გამოიწვია, ირანელი გოგონას ცხოვრებას ასახავს, ერთ-ერთ ეპიზოდში კი არის ალაჰის ამსახველი კადრი, რაც ისლამის მიხედვით აკრძალულია. პროტესტის ნიშნად ისლამისტმა აქტივისტებმა ტელეკომპანიის შენობასა და კარუის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ისინი ტელეარხის ხელმძღვანელის დაპატიმრებას მოითხოვდნენ.
ტუნისში Freedom House-ის წარმომადგენელი ფატი ზაბაარი შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელი დამნაშავედ ცნეს მაშინ, როცა მოძალადე აქტივისტები დაუსჯელები რჩებიან.
მიუხედავად იმისა, რომ კარუის მიმართ წაყენებული ბრალდება 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, სასამართლო ჯარიმას დასჯერდა. თუმცა მაშინ, როდესაც ხშირია ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმები, კარუისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით საშიში პრეცედენტი შეიქმნა.
თებერვალში ერთ-ერთი ჟურნალის გამომცემლები იმისთვის დააპატიმრეს, რომ მათ „თითქმის შიშველი” ფოტოსურათები დაბეჭდეს. რამდენიმე თვით ადრე კი „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის” 7 წელი მიესაჯა ორ ბლოგერს, რომლებმაც ისლამის შესახებ ინტერნეტში კრიტიკული სტატიები გამოაქვეყნეს.
რევოლუციის შემდეგ უკიდურესი ისლამისტური დაჯგუფებების საქმიანობაზე აკრძალვები მოიხსნა, ახლა მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები. ბოლო პერიოდში ისინი აგრესიული მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებაში რელიგიის როლის განმტკიცებას. აქტივისტების თქმით, „პერსეპოლისის” ტელევიზიით ჩვენება მუსლიმების შეურაცხყოფა და მიზანმიმართული პროვოკაციაა, ზოგიერთმა ულტრაკონსერვატორმა ისლამისტმა კი ნაბილ კარუის სიკვდილით დასჯაც მოითხოვა.
სეკულარისტებმა კარუის გასამართლება გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიღეს და ამ მოსაზრებას ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიც იზიარებენ. მათი შეფასებით, ეს პროცესი ნათელი გამოხატულებაა, თუ როგორ ცდილობს ტუნისი რევოლუციიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ სენსიტიური რელიგიური თემების დაბალანსებას გამოხატვის თავისუფლებასთან.

ფოტო: REUTERS
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ტუნისის სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმეს და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფად შეაფასეს. ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში Amnesty International-ის წარმომადგენელი ენ ჰარისონი კარუის გასამართლებას იმის ნათელ მაგალითად მიიჩნევს, თუ როგორი წარუმატებელია ტუნისი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის კუთხით. მისი თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელს საკუთარი შეხედულებების მშვიდობიანი გზით გამოხატვის უფლება წაართვეს.





