ურბანიზაცია

ურბანიზაცია და ჰონდურასის ექსპერიმენტი

უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოსაჩენად სოფელს სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს და ქალაქში გადადის საცხოვრებლად. თუ 1950 წელს გლობალური მოსახლეობის 70% სოფლად ცხოვრობდა, გაეროს წინასწარ გათვლებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2050 წლისთვის ამ სურათის სარკულ ანარეკლს მივიღებთ: მსოფლიო მოსახლეობის ამდენივე პროცენტი ახლა უკვე ქალაქებში იცხოვრებს.

ურბანიზაცია ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია. კვლევები აჩვენებს, რომ მაღალი ურბანიზაციის ქვეყნებში ადამიანებს მეტი შემოსავალი აქვთ: ქვეყნის ურბანული მოსახლეობის 5%-იანი ზრდის პარალელურად, ეკონომიკური აქტივობა ერთ სულ მოსახლეზე 10%-ით იზრდება.

ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება მზარდი ურბანიზაციის ტენდენცია პოლიტიკური სტაბილურობის და რადიკალური რეფორმირების მიზნებისთვისაც გამოიყენოს. აკადემიურ წრეებში დაგროვილი თუ განვითარებად ქვეყნებთან უშუალო მუშაობით მიღებული გამოცდილების შედეგად, სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქების თემა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქი სხვა ქალაქებისგან იმით განსხვავდება, რომ ცარიელ ადგილას შენდება და აქვს საკუთარი წესები, რომლებიც ამ ქალაქში მცხოვრებლების და ინვესტორების ურთიერთობებს არეგულირებს. ეს წესები შეიძლება მთლიანად განსხვავდებოდეს დანარჩენი ქვეყნის წესებისგან. მეტიც, ქალაქმა შეიძლება სხვა ქვეყნებისგან იყიდოს პრაქტიკა, რომელიც მის ქვეყანაში არ ვარგა – მაგალითად, სასამართლო გარჩევები ანდოს ბრიტანეთის სასამართლოს, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა; საზოგადოებრივი წესრიგი – ისეთი ქვეყნის პოლიციას, სადაც კორუფცია თითქმის არ არის და ასე შემდეგ. ეს ქალაქს შესაძლებლობას აძლევს ქვეყნის გარეთ გაიტანოს მართვის ნებისმიერი კომპონენტი, რომელიც სუსტია და განვითარებას ხელს უშლის.

სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქებთან დაკავშირებით ორი მთავარი კითხვა ჩნდება: ვინ უნდა ააშენოს ქალაქი და ვინ უნდა იცხოვროს ამ ქალაქში.

Credit Suisse-ის და გაეროს ბოლო კვლევების მიხედვით, ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ქალაქებზე მოთხოვნა, 2050 წლამდე, ყოველწლიურად გაიზრდება.

გაეროს გათვლებით, 2012 წელს მსოფლიოში 65 მილიონი ადამიანი გადაწყვეტს სოფლის მიტოვებას და ქალაქში დაბრუნებას. ეს საფრანგეთის მთელი მოსახლეობის ტოლია. ამ ადამიანების 90% უპირატესობას განვითარებადი ქვეყნების ქალაქებს მიანიჭებს.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ უნდა ააშენოს ახალი ქალაქები, აქ ორი სავარაუდო პასუხი არსებობს – ან მთავრობამ, ან კერძო ინვესტორებმა და ამ ქალაქის პოტენციურმა მცხოვრებლებმა. პირველ შემთხვევაში, ახალი ქალაქი გადასახადების გადამხდელებს დააწვება კისერზე და ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე ტვირთი გახდება. მეორე შემთხვევაში – სრულად გაამართლებს სპეციალური სტატუსის ქალაქის კონცეფციას: ის ეტაპობრივად, თავად მოსახლეებისა და ინვესტორების მიერ უნდა აშენდეს. მათ ცარიელ ადგილას მოზიდვას კი ის საერთაშორისო გარანტიები უზრუნველყოფს, რომლებიც ახალ ქალაქში თამაშის წესებს განსაზღვრავს.

კარგად გაწერილი თამაშის წესები და მათი შესრულების გარანტიები გლობალურ ბაზარზე მთავარი კონკურენტული უპირატესობაა. სხვადასხვა ინდექსებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოში არცთუ ცოტაა ქალაქი, სადაც ინფრასტრუქტურა გამართულია, მაღალი ეკონომიკური ზრდაა, ლიბერალურია ბიზნესგარემო. თუმცა გამართული ინსტიტუტებით, ჯანსაღი სასამართლო სისტემით, დაბალი სამთავრობო ხარჯებით და მაღალი ინდივიდუალური თავისუფლებით ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ამიტომაც, კვლევიდან კვლევამდე ტენდენცია უცვლელი რჩება: მიუხედავად იმისა, რომ განვითარებადი ქვეყნები უფრო სწრაფად იზრდებიან, მათი ურბანიზაციის ტემპიც უფრო მაღალია და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის კუთხით პროგნოზებიც – უკეთესი, ინვესტორები მაინც, როგორც წესი, განვითარებული ქვეყნების ბაზრებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან აქ თავს უფრო დაცულად გრძნობენ. ხშირად მოგების მარჟაზე მნიშვნელოვანი იმის შეგრძნებაა, რომ ეს მოგება ნამდვილად ინვესტორთან დარჩება: დაბალ გადასახადებთან ერთად, ინვესტორს სტაბილურობის განცდაც უნდა ჰქონდეს. ეს კი ინსტიტუტების განვითარების გარეშე ვერ მიიღწევა.

ზოგჯერ ინსტიტუტების განვითარება არსებულ გარემოში ვერ ხერხდება. მაგალითად, ჰონდურასში ყოველი ახალი ხელისუფლება თავის ახალ წესებს ადგენდა, არასტაბილური განვითარების პირობებში კი ქვეყნიდან ინვესტიციები იდევნებოდა. შარშან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჰონდურასში ყველაზე მეტი მკვლელობა მოხდა. მათი დიდი ნაწილი ნარკოტრეფიკს უკავშირდება, ეს ყველაფერი კი აფრთხობს ტურისტებს და ინვესტორებს, ქვეყანას მნიშვნელოვან შემოსავალს უკარგავს და განვითარებას აფერხებს. სწორედ ამიტომ, ჰონდურასმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ სპეციალური სტატუსის მქონე ქალაქების ექსპერიმენტი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე განეხორციელებინა.

სპეციალური სტატუსის ქალაქისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე გატარებულია. ახლა იმ ქვეყნებთან მიდის მოლაპარაკებები, ვისი ინსტიტუტებიც ჰონდურასს ყველაზე მეტად იზიდავს. თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვევით საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ჰონდურასის წარმომადგენლები საქართველოს პოლიციის სისტემითაც დაინტერესდნენ.

ჰონდურასის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ოქტავიო სანჩეზ ბარიენტოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ისეთი ადგილის გაჩენა, სადაც კრიმინალის დონე დაბალია, ინვესტორებისთვის მიმზიდველი პირობაა. მისი თქმით, ახალი ქალაქის მშენებლობას და ამოქმედებას რამდენიმე ათწლეული დასჭირდება: „ეს ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია მათთვის, ვისაც კაპიტალიზმის სჯერა”.

კომენტარები