ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი

ჰოლანდია კვლავ ჩემპიონია

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი ჰოლანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. გუნდმა, რომელმაც ნახევარფინალში საქართველო 2:0 დაამარცხა, გერმანიას პენალტების სერიაში 5:4 სძლია.

ისევე, როგორც ქართველ ჭაბუკებთან ნახევარფინალში, ნარინჯისფერებმა გოლი კვლავ თამაშის მიწურულს გაიტანეს - შეცვლაზე შესულმა აკოლასტემ დაარტყა ზუსტად, მაგრამ ამ ბურთით ჰოლანდიამ მხოლოდ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. გერმანელები 45-ე წუთზე დაწინაურდნენ: გორეცკამ კუთხურის შემდეგ, თავური დარტყმით გახსნა ანგარიში - 1:0.

პენალტების სერიაში უფრო ზუსტნი ალბერტ სტუივენბერგის ფეხბურთელები გამოდგნენ: მათ ყველა დარტყმა გაიტანეს, მეკარე ოლიიმ კი შტენდერას პენალტი მოიგერია და გუნდს თასი შეანარჩუნებინა. 17-წლამდელთა შარშანდელი პირველობაც ჰოლანდიელებმა მოიგეს. ისევე, როგორც სლოვენიაში, ნარინჯისფერებმა სერბეთშიც გერმანელებს სძლიეს, თუმცა გაცილებით დიდი უპირატესობით - 5:2.

ევროპირველობის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 3 გოლით გერმანელმა მაქს მეიერმა მოიპოვა.

ცნობისათვის: ფინალს 11674 მაყურებელი დაესწრო, ეს კი 17-წლამდელთა ევროპირველობების რეკორდია - ამდენი გულშემატკივარი გადამწყვეტ მატჩს, რომელშიც მასპინძელი არ თამაშობდა, არასდროს დასწრებია.

 

U17: ევროპის ჩემპიონები

2002 - შვეიცარია, 2003 - პორტუგალია, 2004 - საფრანგეთი, 2005 - თურქეთი, 2006 - რუსეთი, 2007 - ესპანეთი, 2008 - ესპანეთი, 2009 - გერმანია, 2010 - ინგლისი, 2011 - ჰოლანდია, 2012 - ჰოლანდია

კომენტარები