Galaxy Tab 2

Samsung Galaxy Tab 2 უფრო იაფი, ვიდრე სხვები

წლის თებერვლის ბოლოს ბარსელონაში გამართულ მობილური მოწყობილობების მსოფლიო კონგრესზე Samsung-მა Galaxy Tab 2 წარმოადგინა. ერთი თვის თავზე კი განაცხადა, რომ სიახლე გასაყიდადაც მალე გამოჩნდება. Galaxy Tab 2-ის ოფიციალური გაშვება ბაზარზე 11 აპრილს შედგა, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ამერიკის მასშტაბით.

როგორც ცნობილი გახდა, ეს მოწყობილობა (ტაბლეტური კომპიუტერისა და ტელეფონის ნაზავი), ისევე როგორც მისი პირველი ვერსია, ორნაირი კომპლექტაციით გამოვა: 7-დუიმიანი (17.8 სმ) და 10.1-დუიმიანი (25 სმ) ეკრანით. ხოლო მისი ფუნქციონალი ოდნავ განსხვავებული იქნება პირველი თაობის Galaxy Tab-ისგან. 7-დუიმიანის ფასი 250 დოლარს შეადგენს და შეკვეთაც უკვე 12 აპრილიდანაა შესაძლებელი. 10.1-დუიმიანი 400 დოლარი ეღირება, წინასწარი შეკვეთა კი 2 მაისს დაიწყება.

ვინაიდან Samsyng Galaxy Tab 2 (7-დუიმიანი) ანდროიდმოწყობილობაა, მისი შედარება ყველაზე ლოგიკურია Amazon Kindle Fire-სა და Barnes&Noble Nook Tablet-თან, რომლებიც ანალოგიურ სისტემაზე მუშაობენ. ამ უკანასკნელის ფასიც 250 დოლარია, ამაზონის ტაბლეტი კი 199 დოლარი ღირს. ამ სამ ტაბლეტს ბევრი საერთო აქვთ: ერთნაირი ზომის ეკრანი, შიდა მეხსიერება, რომელიც 8 GB-ის ტოლია და ეკრანის გაფართოება 1024×600 პიქსელი. მაგრამ, კონკურენტებისგან განსხვავებით, Galaxy Tab 2-ს ინფრაწითელი პორტიც აქვს, რომლის გამოყენებითაც ტაბლეტი დისტანციური მართვის პულტად იქცევა – ამ ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია ტელევიზორის და სხვა დისტანციურად მართვადი მოწყობილობების კონტროლი.

გარდა ამისა, Galaxy-ს განსხვავებული ოპერაციული სისტემაც აქვს, Android 4.0 Ice Cream Sandwich. ეს მაშინ, როცა მის ორ კონკურენტზე Gingerbread-ის ბაზაზე აწყობილი საკუთარი სისტემები აყენია, რაც, ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს პრობლემებს უქმნის. ეს პრობლემები კარგად იქნება ცნობილი მათი ქართველი მფლობელებისთვის, რადგან ზემოხსენებული სისტემა არცთუ ისე ადვილად ლოკალიზდება, თუნდაც ქართულად.

ტაბლეტის უფრო დიდი, 10.1-დუიმიანი ვერსია განსაკუთრებით მიმზიდველი, ალბათ, ფასით იქნება. სხვა განსაკუთრებული რამ, გარდა 16 GB ჩაშენებული მეხსიერებისა და გარე, microSD ბარათების წაკითხვის უნარისა, მას არ გააჩნია. მეტიც, წინამორბედებისაგან განსხვავებით, რომლებიც 1.2-გიგაჰერციანი პროცესორებითაა აღჭურვილი, Galaxy Tab 2-ები მხოლოდ 1 გიგაჰერცით უნდა დაკმაყოფილდნენ. ეს, ცხადია, მათ წარმადობაზე უარყოფითად აისახება. გაუმჯობესება დიდად არც გარეგნულ მხარეს ეტყობა. მეორე თაობის ტაბლეტები ისეთივე ზომის და წონისაა, როგორიც 2011 წელს გამოშვებული Galaxy Tab-ები.

ამის გათვალისწინებით Samsung-ი შეეცადა ახალი შეთავაზება ოდნავ მაინც მიმზიდველი გაეხადა და აქცენტი პროგრამულ ნაწილზე გააკეთა. გარდა ანდროიდის ოპერაციული სისტემისა, რომელიც მართლაც შესანიშნავია, ახალ ტაბლეტებს რამდენიმე მცირედი, შეიძლება ითქვას, წამახალისებელი პროგრამაც მოჰყვება. მაგალითად, ფაილების გაზიარების ცნობილი სისტემის, Dropbox-ის ერთწლიანი გამოწერა, 50 GB ადგილით ვირტუალურ სერვერებზე და ინფრაწითელი პორტის სამართავი პროგრამა, რომელიც თქვენს რამდენიმე ასეულდოლარიან ტაბლეტს ტელევიზორის პულტად აქცევს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Galaxy Tab 2-ები Wi-fi სისტემითაცაა აღჭურვილი, თუმცა ამით დღეს ძნელად თუ გააოცებ ვინმეს. სწორედ ამ უსადენო ინტერნეტის ფუნქციის დახმარებითაა შესაძლებელი ტაბლეტის Samsung-ის ზოგიერთ, ახალი თაობის ტელევიზორთან სინქრონიზება და ტელეგამოსახულების Tab-ში მიღება.

საბოლოო ჯამში, Samsung-ის ეს მცდელობა, დაამხოს Apple-ის ჰეგემონია ტაბლეტური კომპიუტერების ბაზარზე, დასაფასებელია. რამდენად გაამართლებს ორი ახალი მოწყობილობა მწარმოებლის იმედებს, ამას უახლოესი მომავალი და ტაბლეტების გაყიდვების დინამიკა გვაჩვენებს.

 

კომენტარები