საფრანგეთის წლის ფეხბურთელი

ედენ ჰაზარდი საუკეთესოა!

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ნაციონალურმა კავშირმა 2011-12 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ლილის ბელგიელი თავდამსხმელი ედენ ჰაზარდი დაასახელა. 21 წლის ფორვარდმა შარშან მოგებული ტიტული შეინარჩუნა.

”მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს! მათ გარეშე ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ ვერ მოვიგებდი,” - განაცხადა ჰაზარდმა, რომელმაც ჩემპიონატში 17 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა. შარშან ის ლილს პირველობის და თასის მოგებაში დაეხმარა.

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ნაციონალური კავშირის - UNFP - რეფერენდუმის ისტორიაში ედენ ჰაზარდი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც ტიტულის ზედიზედ მოგება შეძლო: 2002 და 2003 წლებში საუკეთესოდ ბორდოს პორტუგალიელი ფორვარდი პედრო პაულეტა დაასახელეს.

საგულისხმოა, რომ ედენ ჰაზარდი ასევე ორჯერ აღიარეს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად: 2008-09 და 2009-10 წლების სეზონებში. ის პირველი არაფრანგია, ვინც ეს ტიტული მოიგო.

წლეულს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ მონპელიეს მაროკოელი ლეგიონერი იუნეს ბელჰანდა აღიარეს, უძლიერეს მეკარედ ლიონის კარის დარაჯი უგო ლორისი დაასახელეს, სეზონის მწვრთნელის ტიტული კი მონპელიეს თავკაცს რენე ჟირარს მიაკუთვნეს.

UNFP-ს 2011-12 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები ასე დაკომპლექტდა:

უგო ლორისი (ლიონი); მეტიუ დებუში (ლილი), ნიკოლა ნკოულუ (მარსელის ოლიმპიკი), ვიტორიო ჰილტონი (ლილი), ანრი ბედიმო (მონპელიე); ეტიენ კაპუე (ტულუზი), რიო ანტონიო მავუბა (ლილი), ნენე (პარი სენ-ჟერმენი), იუნეს ბელჰანდა (მონპელიე); ედენ ჰაზარდი (ლილი), ოლივიე ჟირუ (მონპელიე)

 

საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელები

1994 - დავიდ ჟინოლა (პარი სენ-ჟერმენი); 1995 - ვინსენ გერენი (პარი სენ-ჟერმენი); 1996 - ზინედინ ზიდანი (ბორდო); 1997 - სონი ანდერსონი (ლიონი, ბრაზილია); 1998 - მარკო სიმონე (პარი სენ-ჟერმენი, იტალია); 1999 - ალი ბენარბია (ბორდო, ალჟირი); 2000 - მარსელო გალიარდო (მონაკო, არგენტინა); 2001 - ერიკ კარიე (ნანტი); 2002 - პედრო პაულეტა (ბორდო, პორტუგალია); 2003 - პედრო პაულეტა (ბორდო, პორტუგალია); 2004 - დიდიე დროგბა (მარსელის ოლიმპიკი, კოტ დ’ივუარი); 2005 - მიქაელ ესიენი (ლიონი, განა); 2006 - ჟუნინიო პერნამბუკანო (ლიონი, ბრაზილია); 2007 - ფლორენ მალუდა (ლიონი); 2008 - კარიმ ბენზემა (ლიონი); 2009 - იოან გურკუფი (ბორდო); 2010 - ლისანდრო ლოპესი (ლიონი, არგენტინა); 2011 - ედენ ჰაზარდი (ლილი, ბელგია); 2012 - ედენ ჰაზარდი (ლილი, ბელგია)

საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები

1994 - ზინედინ ზიდანი (ბორდო); 1995 - ფლორიან მორისი (ლიონი); 1996 - რობერ პირესი (მეცი); 1997 - ტიერი ანრი (მონაკო); 1998 - დავიდ ტრეზეგე (მონაკო); 1999 - ოლივიე მონტერუბიო (ნანტი); 2000 - ფილიპ კრისტანვალი (მონაკო); 2001 - სიდნეი გოვუ (ლიონი); 2002 - ჯიბრილ სისე (ოსერი); 2003 - ლიონელ მატისი (ოსერი); 2004 - პატრის ევრა (მონაკო); 2005 - ჟერემი ტულალანი (ნანტი); 2006 - ფრანკ რიბერი (მარსელის ოლიმპიკი); 2007 - სამირ ნასრი (მარსელის ოლიმპიკი); 2008 - ჰატემ ბენ არფა (ლიონი); 2009 - ედენ ჰაზარდი (ლილი, ბელგია); 2010 - ედენ ჰაზარდი (ლილი, ბელგია); 2011 - მამადუ სახო (პარი სენ-ჟერმენი); 2012 - იუნეს ბელჰანდა (მონპელიე, მაროკო)

კომენტარები