რუსეთი

სერგეი უდალცოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

”მემარცხენე ფრონტის” ლიდერი სერგეი უდალცოვი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 რუსი ოპოზიციონერი მეექვსე დღეა საკუთარი პატიმრობისადმი პროტესტს შიმშილობის ფორმით გამოხატავს.

უდალცოვი 9 მაისს ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე, "სახალხო სეირნობაზე” დააკავეს. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

”მემარცხენე ფრონტის” ლიდერის ადვოკატის, ნიკოლაი პოლოზოვის თქმით, უდალცოვის მდგომარეობა ჯერ კიდევ გუშინ გაუარესდა, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოპოზიციონერის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

უდალცოვს მხარდამჭერებმა წერილით მიმართეს, სადაც მას შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს: ”ჩვენ არ გვჭირდები ნაწამები, ჩვენ ცოცხალი გვჭირდები.” - ნათქვამია წერილში.

ოპოზიციური ძალების მიერ გასულ კვირას ორგანიზებული ”მილიონიანი მარში” ბალოტნაიას მოედანზე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ 450-მდე აქტივისტი დააკავა.

 

კომენტარები