რუსეთი

რუსი მორწმუნეები პატრიარქს „მკრეხელური ოპერის“ დაგმობისაკენ მოუწოდებენ

რუსმა მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა, რეჟისორ კირილ სერებრენიკოვის მიერ, მოსკოვის დიდ თეატრში დადგმულ ოპერასთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვეს. მათი თქმით, ოპერა „ოქროს მამალი“ მკრეხელურია.

„გვინდა გამოვხატოთ უკმაყოფილება კირილ სერებრენიკოვის დადგმასთან დაკავშირებით, რადგან მიგვაჩნია, რომ იგი შეურაცხმყოფელია მართლმადიდებელი სარწმუნოებისათვის.“ – ნათქვამია მორწმუნეთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„პირველ მოქმედებაში რეჟისორს გამოყენებული აქვს მართლმადიდებლური ხატების გამომხატველი კარიკატურები, ხოლო „მეფე“ პატრიარქს ასახიერებს. ოპერაში აშკარად შეიმჩნევა ღვთისგმობა და რუსეთის ეკლესიის შეურაცხყოფა.“ – აღნიშნავენ მორწმუნეები.

მართლმადიდებელთა ჯგუფმა იმედი გამოთქვა, რომ „მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მკრეხელურ წარმოდგენას დაგმობს და ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს.“

სერებრენიკოვის „ოქროს მამალი“ - პუშკინის ზღაპრების მოტივებზე, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის მიერ შექმნილი ოპერის ერთი ვერსიაა. პირველად ის 1909 წელს დაიდგა. პრემიერა დიდი თეატრის სცენაზე ცოტა ხნის წინ გაიმართა.

კომენტარები