თბილისის მერია

თბილისის მერიამ კომპანია გრინსერვისთან ხელშეკრულება გააუქმა

თბილისის მერიამ, კომპანია გრინსერვისთან კვიპაროსის ნერგებთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება გააუქმა. ამის შესახებ დღეს გამართულ თათბირზე თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, კომპანიამ სახელმწიფოს მიმართ აღებული ვალდებულება არაკეთილინდისიერად შეასრულა და დამატებითი შესწავლისთვის საკითხი სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნებათ.

ოთხმეტრიანი კვიპაროსის ნერგების შესყიდვაზე თბილისის მერიამ ტენდერი თებერვალში გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანია გრინსერვისიგან 120 კვიპაროსის ნერგი 225 000 ლარად შეისყიდა. აღნიშნული ფასის ადეკვატურობასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ, რის შემდეგაც გაირკვა, რომ კომპანია გრინსერვისს პროდუქცია ობიექტურ ღირებულებაზე დაბალ ფასად ჰქონდა შესყიდული.

თბილისის მერიამ საკითხით დაინტერესებისთვის ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მადლობა გადაუხადა. ხელახალი ტენდერი 10 მაისს გამოცხადდება და გამარჯვებულის გამოვლენისთანავე მერიის მხრიდან, კომპანია გრინსერვისთან ყოველგვარი საქმიანი ურთიერთობა შეწყდება.

მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, მერიაში სპეციალური განყოფილება შეიქმნება, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს და შეისწავლის შესასყიდი პროდუქციის ობიექტურ, საბაზრო ღირებულებას.

კომენტარები