ჯოზეფ კროული

საქართველოში ბიზნესის კეთება მარტივი და მოგებიანია

ფოთის პორტის ახალი მმართველი – კომპანია APM Terminals-ი – მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში პორტის განვითარებაში, სულ მცირე, 100 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. საქართველოს ესტუმრა კომპანიის მმართველი დირექტორი ჯოზეფ კროული, რომელიც 90-იან წლებში საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლას უწევდა კოორდინაციას. 1999 წელს, საზღვაო-საკონტეინერო კომპანია Sea Land-ი საზღვაო გადაზიდვების უმსხვილესმა კომპანია Maersk-მა შეიძინა. ის, APM Terminals-თან ერთად, გადაზიდვებისა და ნავთობის დანიური ჰოლდინგის, AP Moller-ის შვილობილი კომპანიაა. მას შემდეგ, რაც APM Terminals-მა ფოთის პორტის აქციების საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, კროული საქართველოში სამუშაოდ დაბრუნდა. ტაბულა მას პორტის სამომავლო პერსპექტივებზე გაესაუბრა.

რა შეიცვალა საქართველოში 90-იანი წლების შემდეგ?

დღევანდელი და მაშინდელი საქართველოს შედარება შეუძლებელია. დღეს გაქვთ ეკონომიკა და არ გაქვთ კორუფცია, არ გეშინიათ ღამით სიარულის. დღეს ბევრი ისეთი სიკეთით სარგებლობთ, რაც მაშინ არ გქონდათ. წარსულში სახლში შუქის მოსვლა გიკვირდათ, დღეს კი ის გაოცებთ, ონკანიდან ცხელი წყალი თუ არ წამოვა. ამიტომ შედარება არ გამოდის, სხვადასხვა კატეგორიებია, განვითარების სულ სხვა დონეა.

ბიზნესის კუთხით თუ შევხედავთ, თქვენს ქვეყანაში არ არის კრიმინალი – ეს ფანტასტიკურია. როცა ჯერ კიდევ ამ რეგიონში ინვესტირების შესაძლებლობას ვიხილავდით, ერთმა კოლეგამ თქვა, რომ ქვეყანა იმის მიხედვითაც უნდა აგვერჩია, თუ სად უფრო ნაკლები იყო გზაზე – ტრასაზე თუ რკინიგზაზე – ქურდობის შემთხვევები. როცა ვუთხარი, რომ საქართველოში ასეთი შემთხვევები არ არსებობს, არ დამიჯერა. ეს ბუნებრივიცაა, ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის სტერეოტიპის გავლენის ქვეშ იყო – როგორ, ასეთ ქვეყანაში ხომ აუცილებლად უნდა იყოს კრიმინალი, – ჯერ ეჭვით მოიფხანა თავი, მაგრამ მერე ჩამოვიდა და ყველაფერი თავისი თვალით ნახა.

ეს რეალური ცვლილებაა: ამ ქვეყანაში უკვე არსებობს მთავრობა, წესები კი, რომლებსაც ეს მთავრობა ადგენს, მართლა სრულდება. ადამიანები თავიანთ სიტყვას არ გადადიან – ამას ბიზნესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბიუროკრატიული სისტემაც მარტივია: პრობლემის შემთხვევაში, მიუწვდომელი არავინაა, დიდხანს ლოდინიც არ გჭირდება. რაც მთავარია, ბიზნესკლიმატი ერთ დღე-ღამეში, ყველასთვის მოულოდნელად არ იცვლება. ყველა შეთანხმებას ძალა აქვს. სწორედ ეს თანმიმდევრული პოლიტიკა ხდება იმის გარანტი, რომ ბიზნესი თავისი ინვესტიციებისთვის საქართველოს ირჩევს, თავის ფულს აქ აბანდებს და სხვა ინვესტორებსაც იზიდავს.

რატომ გადაწყვიტეთ ფოთის პორტში ინვესტირება?

ფოთის პორტის უპირატესობა იმდენად აშკარაა, რომ ბევრი ლაპარაკი არც სჭირდება. საკმარისია რუკას დახედოთ. ფოთის პორტი სტრატეგიული აქტივია: აბრეშუმის გზის გასწვრივ, ევროპასა და აზიას შორისაა განლაგებული. ეს მოგებიანი მდებარეობაა. APM Terminals-ის მიზანია პორტი უკეთ განავითაროს, მისი ეფექტიანობა და პროდუქტიულობა გაზარდოს.

შარშან 7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადავამუშავეთ. კვლევა აჩვენებს, რომ პორტს ყოველწლიურად 9-12 მილიონი ტონა ტვირთის გადამუშავება შეუძლია, თუმცა დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ვფიქრობთ, ბრუნვა 16-18 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამ შედეგს მაქსიმუმ წელიწად-ნახევრის შემდეგ ველოდებით.

რა გზით აპირებთ ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდას?

ჩვენ გვინდა შავ ზღვაზე მივიღოთ უმაღლესი კლასის თანამედროვე პორტი. ამისთვის უნდა გავაუმჯობესოთ:

პირველი – ინფრასტრუქტურა: 90-იან წლებშიც ვარ ნამყოფი პორტში და მას შემდეგ განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვაპირებთ, ვიყიდოთ ახალი ტექნიკა, გავზარდოთ საბაჟო ტერმინალი, გავაფართოოთ და გავაღრმაოთ პორტის მისადგომი, რომ მომავალში ნებისმიერი ზომის ტვირთის მიღება შეძლოს. მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით 100 მილიონი დოლარის დახარჯვას ვგეგმავთ.

მეორე – ადამიანური რესურსების მართვა: სწორი ადამიანი სწორ ადგილას – ეს არის ჩვენი დევიზი.

მესამე და ჩვენთვის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი – უსაფრთხოების უზრუნველყოფა: ყოველი ჩვენი თანამშრომელი შინ ჯანმრთელი უნდა ბრუნდებოდეს და ტრავმის მიღების შიში არ უნდა ჰქონდეს.

ეს ყველაფერი ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევის გარანტი უნდა გახდეს: მომხმარებლებმა სწორედ ფოთი უნდა აირჩიონ თავიანთი ტვირთის გადასაზიდად.

ვინ არის რეგიონში ფოთის პორტის კონკურენტი?

ძირითად კონკურენტად შეიძლება ნოვოროსიისკის პორტი ჩაითვალოს, თუმცა დღეისათვის რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო ბიუროკრატიის გამარტივება.

გასულ კვირას ყველაზე მსხვილი პოტენციური ინვესტორი გვეწვია იაპონიიდან. განსაკუთრებით დაინტერესდა რა დრო სჭირდება საქართველოში ტვირთის განბაჟებას, რადგან ეს მთელ მსოფლიოში პრობლემაა. რომ ვუპასუხე, დაახლოებით საათი, საათ-ნახევარი-მეთქი, იფიქრა, ვეხუმრებოდით. ეს დიდი უპირატესობაა: როცა ბიზნესმენმა იცის, რომ საბაჟო მას პრობლემებს არ შეუქმნის, უფრო თავდაჯერებულია და ინვესტირების ნაკლებ რისკს ხედავს.

რისკები ახსენეთ – რუსეთთან არსებული დაძაბულობა რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოში ინვესტიციების ჩადების გადაწყვეტილების მიღების დროს?

ეს ნამდვილად არ ყოფილა მთავარი რისკი. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს რისკი არსებობს. თუმცა გვჯერა, რომ საღი აზრი და პრაგმატული მიდგომა უფრო ძლიერია. მთელ მსოფლიოს აძლევს ხელს, რომ ამ რეგიონში სიმშვიდე იყოს. უფრო დიდი რისკი ისაა, რომ ფოთის პორტი საკმაოდ ძველია. უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი ჩვენი ოპერირების ლიცენზიაა: სადაც ამის მიღწევა არ შეგვიძლია, იქ არ უნდა ვიმუშაოთ.

საქართველოში ბიზნესგარემოს სიკეთეები და ტექნოლოგიის ნაკლებობა არაერთხელ ახსენეთ. ეს ტენდენცია საერთაშორისო ინდექსებშიც იჩენს თავს. ხელისუფლების ოპონენტები ხშირად გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით აპელირებენ, სადაც ყველაზე დაბალი ქულები ინოვაციასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში გვაქვს. ინვესტიციების მოზიდვისთვის ეს ხელისშემშლელი ფაქტორია?

არა მგონია, ეს გადამწყვეტი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა. საბედნიეროდ, გვაქვს იმის რესურსები, რომ თავად დავნერგოთ ინოვაციური მიდგომები და გავაუმჯობესოთ ტექნოლოგია. ამ პირობებში ყველაზე მთავარი არის დრო – რაც შეიძლება სწრაფად გვინდა გეგმების განხორციელება. საქართველოს ბიზნესგარემო, მარტივი რეგულაციები და მინიმალური ბიუროკრატია ამის საუკეთესო წინაპირობაა, ასეთ გარემოში ბიზნესის კეთება მარტივი და მოგებიანია.

აქ დიდი ხნით ჩამოვედით, ფოთის პორტი იმიტომ არ შეგვიძენია, რომ უფრო მაღალ ფასად გავყიდოთ და ერთჯერადი მოგება ვნახოთ. ჩვენ გვინდა, ფინანსური წარმატება საქართველოში დაბანდებულმა ინვესტიციამ მოგვიტანოს. ამასთან, გვჯერა – როგორც ქვეყანას, ისე მთელ რეგიონს, სარგებელს მოვუტანთ. ჩვენი სლოგანია: გავზარდოთ გლობალური ვაჭრობა. განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისთვის დღეს ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

 

კომენტარები