სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი გარდაცვლილი პატიმრის უფლებების დარღვევაზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გარდაცვლილი პატიმრის, ზურაბ დელიანიძის  უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ  საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პიროვნების თანხმობის გარეშე, მისი ჯანმრთელობის, ფინანსებისა და სხვა კერძო საკითხების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, მისი უფლებების დარღვევაა.

,,სამინისტრომ საკუთარი განცხადებით გაავრცელა მსჯავრდებულის პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომლის დაცვაც სამინისტროს კონსტიტუციით ევალება, რაც ხელყოფს როგორც გარდაცვლილი მსჯავრდებულის, ასევე სხვა პირთა უფლებებს.’’ -განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განცხადებებით, შეილახა გარდაცვლილი პატიმრისა და მისი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესები. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუცია მკაცრად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როცა ინფორმაციის გასაჯაროება დაშვებულია და სამინისტროს არგუმენტი, რომ საკითხისადმი ,,საზოგადოების მაღალი ინტერესი’’ არსებობდა, ამ შემთხვევაში არამართებულია.

მსჯავრდებულ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მძიმე ვენერიული დაავადება დაასახელა.

 გიორგი ტუღუში მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ დასკვნას სამედიცინო ექსპერტიზის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დადებს. 

კომენტარები