იალტის სამიტი

უკრაინას ბოიკოტი ხორვატიის პრეზიდენტმაც გამოუცხადა

ხორვატიის პრეზიდენტი ივო იოსიპოვიჩი მეექვსე სახელმწიფოს მეთაურია, რომელმაც იალტაში 11-12 მაისს დაგეგმილ ცენტრალური ევროპის ქვეყნების სამიტზე ჩასვლაზე უარი განაცხადა. იოსიპოვიჩის პრესსამსახურის ცნობით, ხორვატიის პრეზიდენტმა სამიტს ბოიკოტი ”ამჟამად მძიმე მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს გამო გამოუცხადა.”

”იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ირღვევა ადამიანების უფლებები, ხორვატიის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა ცენტრალური ევროპის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურების სამიტში.” - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

BBC - ის ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს აგრეთვე, გერმანიის, ჩეხეთის, სლოვენიის, ავსტრიისა და იტალიის პრეზიდენტებმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტიმოშენკოს მხარდასაჭერი განცხადება გერმანიის კანცლერმაც გააკეთა. ანგელა მერკელის თქმით, იგი უკრაინაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწვევა, თუ ტიმოშენკოს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

 

 

კომენტარები