კატინი

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დაადანაშაულა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კატინის საქმეში რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია, როცა გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტების წარდგენაზე უარი განაცხადა. ასევე, მოსკოვის პასუხი ტრაგედიის მსხვერპლთა ნათესავების მცდელობებზე, გაერკვიათ სიმართლე, სასამართლომ არაადამიანურ მოპყრობად შეაფასა.

ევროპული სასამართლოს თქმით, მოსკოვმა საქმესთან დაკავშირებით გარკვეული მასალები გაავრცელა, თუმცა ძირითადი ნაწილი პოლონური მხარისთვის კვლავ მიუწვდომელია.

რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით ევროპულ სასამართლოს თხუთმეტმა პოლონელმა მიმართა. ისინი მოსკოვს გამოძიების სათანადოდ ჩაუტარებლობაში სდებდნენ ბრალს და მოითხოვდნენ, რომ დადგინდეს – ვინ არის პასუხისმგებელი 1940 წელს კატინის ტყეში 22 ათასი პოლონელის დახოცვაზე.

სასამართლოს თქმით, მოსარჩელეები ორმაგად არიან დაზარალებულები. მათ დაკარგეს ნათესავები, რომელთა გარდაცვალების შესახებ სიმართლე 70 წლის შემდეგაც უცნობია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთს დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურება არ დაეკისრა, თუმცა მოსარჩელეების მიერ გაწეული ხარჯების დაფარვა მოუწევს.

სასამართლოს, ისევე როგორც პოლონურ მხარეს, მიაჩნია, რომ კატინში მომხდარი წარმოადგენს ომის დანაშაულს, თუმცა რუსეთს გამოძიების გაგრძელებას ვერ აიძულებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეფორმირება განსჯის ხშირი საგანია. ბრიტანეთის ინიციატივით, მას ძალაუფლება უნდა შეუმცირდეს, რის ხარჯზეც შიდა სასამართლოების როლი გაიზრდება.

ათწლეულების განმავლობაში კატინის ტრაგედია რუსეთ-პოლონეთის ურთიერთობებში ყველაზე მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს. 2010 წელს რუსეთის პარლამენტში პირველად აღიარეს, რომ მასობრივი მკვლელობის ბრძანება სტალინმა გასცა – მანამდე, საბჭოთა მთავრობა კატინში მომხდარს ნაცისტებს აბრალებდა.

1990 წელს რუსეთმა მასობრივი მკვლელობების გამოძიება დაიწყო და 2004 წელს შეწყვიტა. მოსკოვი ევროპულ სასამართლოს, ისევე როგორც გარდაცვლილების ნათესავებს, არგუმენტაციაზე უარს ეუბნება.

რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარისაგან თავი შეიკავა და განმარტა, რომ კატინის საქმის გამოძიება შიდა კანონმდებლობის შესაბამისად შეწყდა.

პოლონეთის მთავრობამ კი განაცხადა, რომ ეს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის იგნორირების პირველი შემთხვევა არ არის.

ევროპული სასამართლოს თქმით, რუსეთს არ სურს კატინის მასობრივი მკვლელობის ფაქტად აღიარება და მომხდარის „გაურკვეველი ვითარებებით” შენიღბვას ცდილობს.

რუსეთის დუმის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის შეფასებით, ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა პოლონელები. თან ისე, რომ რუსეთის უკმაყოფილება არ გამოეწვია.

კატინის ტრაგედიას პოლონეთის ისტორიის კიდევ ერთი სამწუხარო მოვლენა უკავშირდება – 2010 წელს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და 95 მგზავრი რუსეთის დასავლეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ. ისინი კატინში მიდიოდნენ ტრაგედიის 70 წლისთავისთვის პატივის მისაგებად.

 

კომენტარები