მხატვრობა

და ვინჩის ანატომიურ ნახატებს მალე საზოგადოებას წარუდგენენ

მალე ფართო საზოგადოება ლეონარდო და ვინჩის ნახატებს იხილავს, რომლებზეც მხატვრის მიერ ანატომიურად შესწავლილი ადამიანის სხეულია გამოსახული.

გამოფენაზე ხელოვანის მიერ გამოკვლეული სხეულის სხვადასხვა ნაწილის, ძვლების, კუნთების, აგრეთვე, შინაგანი ორგანოების, მათ შორის გულისა და ტვინის ამსახველი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

და ვინჩის ნახატები, რომლებიც დაწვრილებით აღწერს მის მიერ მე – 16 საუკუნეში ადამიანის სხეულის ნაწილებზე ჩატარებული კვლევების შედეგებს, მხოლოდ 1900 წელს აღმოაჩინეს. ხელოვანის გარდაცვალების შემდეგ მისი სურათები იტალიელი მოქანდაკის, პომპეო ლეონის მფლობელობაში გადავიდა. მან ნახატები ერთ ალბომში გააერთიანა, რომელმაც, ექსპერტების განცხადებით, „ანატომიის შესანიშნავი ნამუშევრები დღემდე ხელუხლებელი და დაცული შემოინახა.“

ალბომის ყდაზე, რომელშიც ერთადაა მოქცეული და ვინჩის პროგრესული ანატომიური გამოკვლევების შედეგები, ოქროსფერი ასოებით წარწერაა დატანილი – „ლეონარდო და ვინჩის ნახატები, დაცული პომპეო ლეონის მიერ.“

ლეონარდო და ვინიჩის თვალით დანახული ადამიანის აგებულების შეფასება დამთვალიერებელს მაისიდან ბუკინგემის სასახლეში, ანატომიური სურათების გამოფენაზე შეეძლება.

 

კომენტარები