ეგვიპტე-ისრაელი

ორი ქვეყნის 20-წლიანი კონტრაქტი გაუქმდა

ეგვიპტემ ისრაელის ბუნებრივი გაზით მომარაგების 20 წლიანი კონტრაქტი გაწყვიტა. ვარაუდობენ, რომ ეს მოკავშირეების ურთიერთობაში გაჩენილი ბზარის შედეგია.

არც ეგვიპტის და არც ისრაელის მხარე ამას პირდაპირ არ აღიარებს. ორივე მხარის ინფორმაციით, კონტრაქტის გაწყვეტა კერძო ბიზნესდავამ გამოიწვია: ორი ქვეყნის კერძო კომპანიები გაზის ფასზე ვერ მორიგდნენ. კონტრაქტის გაუქმება ერთადერთი გამოსავალი იყო, რადგან კერძო დავის დიპლომატიურ დავად გარდაქმნას ქვეყნები შეიძლება სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისამდე მიეყვანა. ამ შემთხვევაში მშვიდობის შესახებ შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. მოვლენების ასეთი ესკალაცია კი ამ ეტაპზე არცერთ მხარეს არ აწყობს.

სხვადასხვა მოსაზრებით, ისრაელი ეგვიპტისგან გაზს საბაზროზე დაბალ ფასად ყიდულობდა. შარშანდელი ეგვიპტური რევოლუციის დროს ისრაელისთვის გაზის მიწოდება სულ მცირე 14-ჯერ სერიოზულად შეფერხდა. ისრაელის მხარე შიშობს, რომ  მუსლიმურ საძმოსა და სხვა პარტიებს, რომლებიც დღეს ეგვიპტის პარლამენტში უმრავლესობას ქმნიან, ორ ქვეყანას შორის ალიანსის შესუსტება სურთ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გაზსადენზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის მიზეზით ეგვიპტემ ისრაელს გაზის მიწოდება ორჯერ შეუწყვიტა.  პარალელურად, ისრაელში ელექტროენერგიის ფასმა უკვე 20%-ით მოიმატა. 

კომენტარები