მუსიკალური ალბომი

კურტ კობეინმა სიკვლდილამდე ცოტა ხნით ადრე სოლო ალბომი ჩაწერა

დადასტურდა, რომ კურტ კობეინი გარდაცვალებამდე სოლო ალბომზე მუშაობდა. „ნირვანას“ სოლისტის ქვრივის, კორტნი ლავის მიერ დაარსებული ბენდის, Hole - ის გიტარისტმა, ერიკ ერლანდსონმა განაცხადა, რომ კობეინმა 1994 წელს, სიკვლდილამდე ცოტა ხნით ადრე სოლო ალბომი ჩაწერა.

ამერიკულ ტელეარხ Fuse - სთან საუბარში ერლანდსონმა აღნიშნა, რომ მას მოსმენილი აქვს „ნირვანას“ ვარსკვლავის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი. „აღფრთოვანებული ვიყავი მისი მუსიკით. გამიმართლა, რომ პატივი მხვდა წილად, კურტის სოლო ჩანაწერის სამუშაო პროცესს დავსწრებოდი. ვფიქრობ, ეს ახალი სიტყვა იქნებოდა მუსიკალურ სამყაროში.“ - აღნიშნა გიტარისტმა.

ერლანდსონმა დაადასტურა, რომ კობეინის ალბომი „ნირვანას“ ერთი სიმღერის ქავერ ვერსიას შეიცავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია მისი სახელწოდება.

„ვიცი, რომ ამჟამად ხმისჩამწერი სტუდიები დაუმუშავებელ ჩანაწერებზე მუშაობენ. ვიმედოვნებ, ალბომს, რომელზეც კობეინი სიკვდილის წინ მუშაობდა, გამოუშვებენ. მისი ფანებისათვის ეს დიდი სიურპრიზი იქნება.“ - აღნიშნა გიტარისტმა.

ერიკ ერლანდსონმა  ცოტა ხნის წინ წიგნი გამოსცა სახელწოდებით „Letters to Kurt“, რომელიც „ნირვანას“ ვარსკვლავთან გიტარისტის ურთიერთობაზეა დაფუძნებული.

„ნირვანას“ ყველაზე წარმატებული ალბომი 1991 წელს გამოშვებული Nevermind - ია. იგი ჯგუფის საქვეყნოდ ცნობილ ჰიტებს Smells Like Teen Spirit, Come as You Are და Lithium - ს აერთიანებს.

კურტ კობეინმა სიცოცხლე 27 წლის ასაკში, 1994 წელს თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარები