დოკუმენტური ფილმი

'ხოდორკოვსკის' რეჟისორი

ნავთობკომპანია ЮКОС-ის მმართველი მიხაილ ხოდორკოვსკი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი რუსი ბიზნესმენი იყო. 2003 წელს ხოდორკოვსკი დააპატიმრეს. მიზეზად ფინანსური თაღლითობა დასახელდა, თუმცა ბევრის აზრით, მისი დაპატიმრების ერთადერთი მიზეზი პოლიტიკური ამბიციები და პუტინთან დაპირისპირება იყო.

„ხოდორკოვსკი” – ასე ჰქვია მიხაილ ხოდორკოვსკიზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომელსაც ჯერ ბერლინის 61-ე კინოფესტივალზე, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მართალია, ბერლინში პრემიერამდე ფილმი მოიპარეს (კომპანიის ოფისი გატეხეს), მისი ჩვენება მაინც შედგა – რეჟისორმა ფესტივალის მაყურებელს დისკზე შემონახული ასლი შესთავაზა. რუსეთის უმსხვილესმა კინოდისტრიბუტორებმა ფილმის შესყიდვაზე უარი თქვეს და მოსკოვში ის ერთადერთ დარბაზში, ელდარ რიაზანოვის კუთვნილ კინოთეატრში გავიდა. „ხოდორკოვსკის” შემქმნელია გერმანელი რეჟისორი კირილ ტუში, რომელიც ამ პროექტზე 5 წელი მუშაობდა. ტუში თბილისს ეწვია და თბილისურ პრემიერასაც დაესწრო.

„ერთ-ერთ ფესტივალზე ხოდორკოვსკის შესახებ გავიგე და ვიფიქრე, რომ მასზე ფილმის გაკეთება ძალიან კარგი იქნებოდა. ხალხი მეკითხება, რატომ არ გადავიღე კინო სხვა ცნობილ პატიმარზე. პასუხი ასეთია – ხოდორკოვსკის ამბავზე მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ ის მიმაჩნია კარგ, მამაც ადამიანად, რომელსაც რუსეთიდან წასვლა შეეძლო, მაგრამ დარჩენა გადაწყვიტა და თავისუფლების საფასურად გარისკა”, – განაცხადა რეჟისორმა ტაბულასთან საუბრისას.

ფილმში ნაჩვენებია ხოდორკოვსკის გზა რუსეთის უმდიდრესი ადამიანის „ტიტულამდე”, ის, თუ როგორ დაიძაბა ურთიერთობა მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის, როგორ ჩასვეს ციხეში 9 წლით, შემდეგ კი პატიმრობის ვადა გაუზარდეს. კირილ ტუში შეეცადა, ფილმი ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო (ხოდორკოვსკისთან შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხა) და გადაწყვიტა, ეპიზოდები, რომელსაც ბიზნესმენის შინაგანი განცდები და განწყობა უნდა ეჩვენებინა, ანიმაციის დახმარებით გაეკეთებინა. 110-წუთიანი ფილმი ვიზუალურად გამართული და, სალომე მაჩაიძის დამსახურებით, კარგად დამონტაჟებულია.

მუშაობის პირველი წელი ყველაზე რთული გამოდგა. კირილ ტუშის არავინ თანხმდებოდა ინტერვიუზე, არავის სურდა ღიად ხოდორკოვსკიზე საუბარი. სწორედ იმ პერიოდში მოკლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც პუტინის მთავრობის მწვავე კრიტიკით იყო ცნობილი. შიშმა და უიმედობამ რეჟისორი პროექტის მიტოვებაზე დააფიქრა. პრობლემები შეიქმნა დაფინანსებასთან დაკავშირებითაც. გერმანიაში არ სჯეროდათ, რომ კირილ ტუში ხოდორკოვსკისთან ახლოს მისვლას მოახერხებდა და პროექტი საინტერესო იქნებოდა, ამიტომ რეჟისორს ფინანსური სახსრების მოძიება გაუჭირდა – „თავიდან ყველაფერი მარტივად იყო, მხოლოდ ერთი ადამიანის საკონტაქტო ტელეფონი მქონდა. ეს იყო მაშა ორჯონიკიძე, რომელიც მოსკოვში ხოდორკოვსკის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. დროთა განმავლობაში ყველაფერი გართულდა, კრემლი დარწმუნებული არ იყო, რომ „სწორ” მხარეს ვიდექი და ამიტომ ხელს არ მიწყობდა ფილმის გადაღებაში. ჩემი წარმომავლობაც დაბრკოლებად იქცა. ყველას ეუცნაურებოდა, რომ გერმანელ რეჟისორს რუს ბიზნესმენზე ფილმის გადაღება სურდა. სამი წელი დამჭირდა, რომ ხოდორკოვსკის შვილი ინტერვიუზე დამეთანხმებინა. ხალხს ეშინოდა მასზე ლაპარაკის. ფილმის გადაღებაში პირდაპირ არავის შეუშლია ხელი, ალბათ იმიტომ, რომ უხეში ჩარევა ავტომატურად ნიშნავდა ამბის მედიაში გახმაურებას და ხოდორკოვსკის საქმით მეტი ადამიანის დაინტერესებას. თუმცა სხვადასხვა ბიუროკრატიული დაბრკოლება ხშირად მაფერხებდა”.

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ კირილ ტუშიმ სასურველი რესპონდენტები ჩაწერა, ფინანსური პრობლემებიც მოაგვარა და უამრავი სირთულის მიუხედავად, პროექტი დაასრულა. სურს გადაიღოს „ხოდორკოვსკის” გაგრძელება – „მიხაილ ხოდორკოვსკის დაბრუნება”. სათაური „ვარკვლავური ომების” გავლენით შეარჩია. აპირებს ინტერვიუების ჩაწერას: ვლადისლავ სურკოვთან, ვოლოშინთან, აბრამოვიჩთან, ხოდორკოვსკის პირველ მეუღლესთან – ინასთან და, რა თქმა უნდა, თავად ხოდორკოვსკისთან. მისი თქმით, გაგრძელების ბედი ფინანსებზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, რეჟისორს ჟულიან ასანჟისა და WikiLeaks-ის შესახებ სურს მხატვრული ფილმის გადაღება, რადგან მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის სათქმელი.

კომენტარები