ლეიბორისტები

ნათელაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარს ამბობს და მზადაა ამისთვის სასჯელიც მოიხადოს.

როგორც დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ შალვა ნათელაშვილმა სახლში სააღსრულებო ბიუროდან უწყება მიიღო, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, შალვა ნათელაშვილმა ჰოლდინგ "პალიტრამედიას" ბოდიში უნდა მოუხადოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ "პალიტრამედიის" სარჩელი 8 თებერვალს დააკმაყოფილა. სასამართლომ დააკისრა ნათელაშვილს ცნობების უარყოფა, რომელიც მან გაავრცელა "მაესტროს", "კვირის ქრონიკისა" და "ალიას" მეშვეობით. კერძოდ, ნათელაშვილი მედიაჰოლდინგს ბრალს სდებდა „ბავშვებისთვის სკოლის წართმევაში“, ასევე ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაში. "პალიტრამედია" სასამართლოში შალვა ნათელაშვილისგან ბრალდებების იმავე მედიასაშუალებებით უარყოფას ითხოვდა, რომლითაც ეს ბრალდებები გავრცელდა.

"შეცდომაზე სიტყვის უკან წაღება ზნეობრიობის გამოხატულებაა, მაგრამ შალვა ნათელაშვილი არ აპირებს საკუთარი განცხადების უარყოფას, რადგან მან აღნიშნულ სულგაყიდულ ჰოლდინგზე თქვა სრული სიმართლე, ხოლო სიმართლისთვის ბოდიშს არ იხდიან", - განაცხადა იოსებ შატბერაშვილმა.

შატბერაშვილის თქმით, ბოდიშის მოუხდელობის შემთხვევაში ნათელაშვილის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. რომელიც ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას. „მიუხედავად ყველაფერ ამისა, შალვა ნათელაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, რადგან სრული სიმართლე თქვა", - განაცხადა შატბერაშვილმა.

 

კომენტარები