ლონდონი 2012

შეთქმულების ოლიმპიური თეორიები

ივლისს, ლონდონში, ზაფხულის საიუბილეო, XXX ოლიმპიური თამაშები დაიწყება, რომელიც 12 აგვისტოს საზეიმოდ დასრულდება.

ლონდონი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც მესამედ მიიღებს უდიდეს სპორტულ ფორუმს: მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქალაქმა ოლიმპიურ თამაშებს პირველად 1908 წელს, მეორედ კი 1948 წელს უმასპინძლა.

კეთილმოეწყო ყველა სპორტული არენა, უკვე მზადაა ოლიმპიური მედლები, გულშემატკივრები თამაშების დაწყებამდე დღეებს ითვლიან, ჟურნალისტები ფავორიტებს ასახელებენ, მწვრთნელები შეგირდებს ამზადებენ, ერთი სიტყვით, ყველა ემზადება და დღესასწაულის მოლოდინშია.

სხვებთან ერთად ოლიმპიურ თამაშებს მოუთმენლად ელის საიდუმლო ორგანიზაციების – ილუმინატები, მასონები და ა.შ. – საქმიანობის შესწავლით გატაცებული რამდენიმე გაერთიანება. ისინი სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ მთელი მსოფლიოს გაფრთხილებას: ამბობენ, რომ ფარული ორგანიზაციების გამოისობით, ოლიმპიური თამაშების დღეებში ლონდონში ტრაგედია დატრიალდება – ილუმინატები-მასონები ან ქალაქის სიმბოლო ბიგ ბენს ააფეთქებენ, ან ახალაგებულ ოლიმპიურ სტადიონს, ანაც სხვა უბედურებას დაატრიალებენ...

რას ეფუძნება საიდუმლო ორგანიზაციების „მამხილებელი” ჯგუფების მოსაზრება?

ერთ-ერთი მკვლევარი რიკ კლეი სხვადასხვა არგუმენტებს იშველებს:

1995 წელს SJG-მა (სტივ ჯეკსონ გეიმს) გამოუშვა სამაგიდო თამაში რობერტ ენტონ უილსონის და რობერტ შეას ტრილოგიის მიხედვით – ბანქოს ქაღალდებზე ასახულია ხანძარი, შენობების ნგრევა, ეკოლოგიური კატასტროფები, უცხოპლანეტელების შემოსევა...

კლეი ვარაუდობს, რომ რადგანაც ბანქოზე გამოსახული უამრავი ტრაგედია ახდა – ნიუ იორკის ცათამბჯენების ჩამოშლა, მექსიკის ყურის დაბინძურება ნავთობით, იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრა – ახლა ლონდონის ჯერი დამდგარა. ბანქოს ერთ-ერთ ბარათზე დახატულია დანგრეული ბიგ ბენი, მის ფონზე კი ხუთი სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელთა მაისურების ფერი ოლიმპიური რგოლებისას ემთხვევა: შავი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და წითელი. აქედან გამომდინარე, წელს, ოლიმპიადაზე აუცილებლად რაღაც ცუდი მოხდება.

სხვადასხვა ჯგუფები ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების სიმბოლოებს, ვენლოკს და მანდევილს. გავრცელებული მოსაზრებით, მათში პირდაპირაა კოდირებული ყოვლისმხედველი თვალი, რაც სხვა არაფერია, თუ არა საიდუმლო ორგანიზაციების სიმბოლო.

ილუმინატების და მასონების შემსწავლელი ჯგუფები ამტკიცებენ, რომ ფარული ორგანიზაციები დაგეგმილ ტრაგედიებამდე კარგა ხნით ადრე სხვადასხვა სახით ყოველთვის აკეთებენ მინიშნებებს. ამის გათვალისწინებით, ვარაუდობენ, რომ 2006 წელს გამოსულ ფილმში V for Vendetta პარლამენტის შენობის და ბიგ ბენის აფეთქება მხოლოდ მხატვრული მოსაზრების გამო არ შევიდა...

იმის დასამტკიცებლად, რომ ოლიმპიური თამაშების დღეებში ლონდონის ბიგ ბენი, სავარაუდოდ, დაინგრევა, არაერთი მკვლევარი მულტფილმ „მანქანები 2”-ის სარეკლამო პლაკატსაც იყენებს: მასზე საათისკენ მოძრავი თვითმფრინავია დახატული...

ასევე ყურადღებას იქცევს ფილმ „2012”-ის ერთ-ერთ ეპიზოდში მთავარი გმირის უცნაური მოქმედება: იმის მაგივრად, რომ დამღუპველ ლავას გაეცალოს, მანქანაში შემთხვევით ლონდონის მეტროს რუკას პოულობს, რომელიც მას იმ მომენტში არაფერში არგია. იმის მაგივრად, რომ მოისროლოს და თვითმფრინავისკენ გაიქცეს, ის, რატომღაც, მთლიანად ხსნის რუკას და ათვალიერებს...

ისინი, ვინც წლევანდელ ოლიმპიადაზე ტრაგედიას და არეულობას ელის, ფარული ორგანიზაციების მესიჯად განიხილავს ქვემორე ამბებსაც:

...2008 წლის აგვისტოში BBC-ით გადაიცა პროგრამების სერია Spooks: Code 9. ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია ლონდონის ოლიმპიადის დროს მომხდარი ბირთვული ტერორისტული აქტი, რომელსაც, ფილმის გმირის თქმით, 100 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

...მწერალ ტომ კეინის 2010 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ნოველაში მოთხრობილია ლონდონის ოლიმპიურ სტადიონსა და ტრაფალგარის სკვერში მომხდარი ბირთვული აფეთქების შესახებ.

...შარშან, ლონდონის არეულობას, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებთან კავშირი არ ჰქონდა, ბრიტანული ჟურნალი Private Eye ერთი შეხედვით უცნაურად გამოეხმაურა: აგვისტოს ნომერი შემდეგნაირად დაასათაურა: „ოლიმპიური რეპეტიცია”, გარეკანზე გამოტანილ ფოტოს კი – ხალხით გარშემორტყმული ალმოდებული მანქანა – მიაწერა: „ეს არის ყველაზე ცუდი გახსნის ცერემონია”...

„მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: თამაშების დღეებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული, – განაცხადა ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ სებასტიან კოემ და დასძინა, - როცა ასეთი ხმები მესმის, ყოველთვის ალბერტ აინშტაინი მახსენდება. მან ერთხელ თქვა, რომ ამქვეყნად ორი რამაა უსასრულო: სამყარო და ადამიანთა სისულელე, მერე კი დაამატა, რომ სამყაროს უსასრულობაში ეჭვი ეპარება”.

ოლიმპიური დროშა

ოლიმპიური დროშა თეთრი ფერის ქსოვილია, რომლის ცენტრში გამოსახულია ოლიმპიური სიმბოლო – ხუთი გადაჯაჭვული რგოლი (ლურჯი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი).

ოფიციალურ ნიმუშად ითვლება დროშა, რომელიც თანამედროვე თამაშების ფუძემდებელმა, ბარონმა პიერ დე კუბერტენმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველ კონგრესზე წარადგინა 1914 წელს. ამ თავყრილობაზე, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა, ოლიმპიური დროშა პირველად აფრიალდა.

1920 წლის შემდეგ დროშის აღმართვის რიტუალი ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალის განუყოფელი ნაწილია.

დროშა სტადიონზე შემოაქვთ ოლიმპიური ჰიმნის თანხლებით და ანძაზე აღმართავენ. თამაშების დახურვის ცერემონიალზე მასპინძელი ქალაქის მერი დროშას უბრუნებს სოკ-ის პრეზიდენტს, რომელიც, თავის მხრივ, მას მომდევნო ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს გადასცემს.

ეს დროშა ოთხი წლის განმავლობაში გამოფენილი უნდა იყოს ქალაქის მთავარ მუნიციპალურ შენობაზე.

ოფიციალური ოლიმპიური დროშა ატლასისაა და ოქროს არშია აქვს შემოვლებული. სოკ-ს ის ბელგიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უსახსოვრა 1920 წელს.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოაქვთ დროშა, რომელიც სოკ-ს 1952 წელს გადასცა საჩუქრად ნორვეგიის ოლიმპიურმა კომიტეტმა.

„ოლიმპიური დროშა თეთრია, რომელის შუაგულში ხუთი გადაჯაჭვული რგოლია: ლურჯი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი. დიზაინი სიმბოლურია – წრეები ხუთ კონტინენტზე მიგვანიშნებს, რომლებიც ოლიმპიური მოძრაობით არიან გაერთიანებულნი. რაც შეეხება ფერებს, ყველა მათგანი მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო დროშებისაა”, – ბარონი პიერ დე კუბერტენი, 1931 წელი.

 

კომენტარები