ჟენევის მოლაპარაკებები

გრიგორი კარასინი: საქართველო უკანონო ფორმირებებს ქმნის

ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას, განცხადებას გამოეხმაურა დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე. კარასინის თქმით, „იქმნება რაღაც შეიარაღებული ფორმირებები, ამას ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ადასტურებენ“.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მდგომარეობა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე გართულებულია და ქართული მხარის მიერ მოწყობილი პროვოკაციები გრძელდება. იანვრიდან იქ მოკლულია შვიდი ადამიანი“, - განაცხადა ასევე მინისტრის მოადგილემ.

კარასინის თქმით, მოლაპარაკებებზე ქართული მხარე შეეცადა მთელი პასუხისმგებლობა შექმნილი სიტუაციისთვის აფხაზური და რუსული მხარეებისათვის დაეკისრებინა. „თუმცა, ჩვენ ციფრებითა და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ ვფლობთ სიტუაციას და ვიცით, თუ სად რა ხდება”, - განაცხადა კარასინმა.

კარასინის განცხადებაზე ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსული მხარე ასეთ ბრალდებას უყენებს ქართულ მხარეს. ალასანია აცხადებს, რომ არ იცის, რას ეყრდნობა კარასინი და ეს ნაკლებად აღელვებს. მისთვის მთავარია, რომ საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას პირდაპირ უქმნის საფრთხეს სააკაშვილის ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია შიდა პოლიტიკური გამჭვირვალეობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ. ალასანიამ განაცხადა, რომ ის ინფორმაცია, რაც მან გაავრცელა, არანაირად არ უკავშირდება რაიმე აქტიურობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჯგუფები, რომლებზეც საუბრობდა, მიმართულია ოპოზიციურად, კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ.

ალასანიას განცხადებას მანამდე ოკუპირებული აფხაზეთიდანაც გამოეხმაურნენ - ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ალასანიას გავრცელებული ინფორმაცია მოწმობს, რომ თბილისს უარი არ უთქვამს დაშინების პოლიტიკის გაგრძელებაზე „როგორც თავად საქართველოში, ასევე აფხაზეთის გალის რაიონში“.

ირაკლი ალასანიამ განცხადება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის, აფხაზეთის საოკუპაციო საზღვართან, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ 15 მარტს ელჩებთან შეხვედრაზე გააკეთა. მოგვიანებით მან ინფორმაცია „უკანონო ფორმირებების“ შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინა. უშიშროების საბჭომ ალასანიას ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პოლიტიკოსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია რაიმე ღირებულ ცნობებს არ შეიცავს. საბჭომ მასალები გამოაქვეყნა, რათა საზოგადოებას თავად ემსჯელა წარმოდგენილი მონაცემების სერიოზულობაზე. მასალაში შედიოდა ალასანიას წერილი და იმ პირთა სია, რომლებიც ალასანიას თქმით, შეიარაღებულ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობენ.

უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ აქ, უბრალოდ, ჩამოთვლილი იყო მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები.

კომენტარები