ლონდონი 2012

ვენლოკი და მანდევილი

'სანამ შევქმნიდით, ჩვენ ათასობით ბავშვის აზრი შევაჯერეთ. უმრავლესობას არ სურდა ოლიმპიური თამაშების თილისმად ცხოველის ან მულტფილმის რომელიმე გმირის ხილვა – მათ რაღაც ახალი უნდოდათ, თუმცა რა, ბევრმა ვერ აგვიხსნა. საბედნიეროდ, ვენლოკი და მანდევილი პატარებმა პრეზენტაციისთანავე შეიყვარეს', – ლონდონის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი სებასტიან კოე კმაყოფილია.

ვენლოკი ოლიმპიადის თილისმაა, მანდევილი კი პარალიმპიური თამაშების. ორივენი საბავშვო მწერლის, მაიკლ მორპურგოს ზღაპრის გმირები არიან: წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ დაიბადნენ ვენლოკი და მანდევილი ლონდონის ოლიმპიური სტადიონის მშენებლობისას, სარბიელის უკანასკნელი სარტყლიდან მორჩენილი რკინის ნაჭრებისგან.

თილისმები ლონდონის ერთ-ერთ სარეკლამო სტუდიაში, აირისში შეიქმნა, თუმცა რა თანხა გადაიხადა საორგანიზაციო კომიტეტმა, უცნობია. სამაგიეროდ, ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ვენლოკი და მანდევილი თოჯინების, სამკერდე ნიშნების, გასაღების საკიდების თუ სხვადასხვა სახით, საორგანიზაციო კომიტეტის საბანკო ანგარიშს დაახლოებით 70 მილიონი გირვანქით შეავსებენ.

ოლიმპიადის თილისმების ისტორია 1968 წელს, მეხიკოში გამართული თამაშებიდან იღებს სათავეს: წითელი იაგუარი იყო პირველი, რომელიც სპეციალურად უდიდესი სპორტული ფორუმისთვის შექმნეს.

ზაფხულის მომდევნო ოლიმპიური თამაშების თილისმები იყვნენ: 1972, მიუნხენი: ძაღლი ტაქსა სახელად ვალდი; 1976, მონრეალი: კანადის ერთ-ერთი სიმბოლო – თახვი ამიკი; 1980, მოსკოვი: დათვის ბელი მიშა; 1984, ლოს ანჯელესი: აშშ-ის სიმბოლო არწივის მართვე, სახელად სემი; 1988, სეული: კორეული ლეგენდების გმირები, ვეფხვის ბოკვერები ჰოდორი და ჰოსუნი; 1992, ბარსელონა: ძაღლის ლეკვი კობი; 1996, ატლანტა: კომპიუტერით შექმნილი პირველი თილისმა – იზი; 2000, სიდნეი: ჩიტი კუკაბარა სახელად ოლი, იხვნისკარტა სიდი და იქედნე, სახელად მილი; 2004, ათენი: და-ძმა ათენა და ფევოსი; 2008, პეკინი: სიკეთის მომტანი ხუთი თოჯინა, სახელად ბეიბეი, ჯინჯინი, ჰუანჰუანი, უინგინგი და ნინი.

XXX ოლიმპიურ თამაშებს ინგლისის დედაქალაქი ლონდონი 27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ლონდონი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც მესამედ მიიღებს ოლიმპიადას: პირველად 1908 წელს, მეორედ 1948 წელს. იქვე გაიმართება პარალიმპიური თამაშები: 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
 

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლონდონი 2012 წლის ოლიმპიადის მასპინძლად 2005 წლის 6 ივლისს, სინგაპურში გამართულ 117-ე ყრილობაზე დაასახელა. ლონდონმა მოსკოვს, ნიუ იორკს, მადრიდს და პარიზს აჯობა. ბოლო, მეოთხე ტურში ლონდონმა 4 ხმით დაამარცხა პარიზი: 54-50.
 

ოფიციალური ინფორმაციით, ლონდონს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა (ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილის განვითარება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, უსაფრთხოება და ასე შემდეგ) დაახლოებით 9,345 მილიარდი გირვანქა უჯდება. ამ თანხის 64%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს, 23%-ს ეროვნული ლატარეა, 13%-ს კი ქალაქის მერია და ლონდონის განვითარების ფონდი.
 

დღეისათვის ლონდონი 2012-ს 11 უმაღლესი დონის პარტნიორი (კოკა კოლა, ვიზა, მაკდონალდი, ჯენერალ ელექტრიკი, პანასონიკი, სამსუნგი და სხვა) და 44 პირველი, მეორე და მესამე დონის მხარდამჭერები ჰყავს. ამ გარიგებებით თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შემოსავლის სახით 700 მილიონი გირვანქა მიიღო.
 

2011 წლის 14 მარტს ტრაფალგარის სკვერში ციფრული საათი დაიდგა, რომელმაც თამაშების დაწყებამდე 500 დღით ადრე დროის ათვლა დაიწყო. რამდენიმე საათში ის გამოირთო, თუმცა მალევე შეაკეთეს.
 

ლონდონის მერიის ინფორმაციით, თამაშების უსაფრთხოებას 13500 სამხედრო მოსამსახურე და 10 ათასი პოლიციელი დაიცავს. ამ საქმისთვის 553 მილიონი გირვანქაა გამოყოფილი.
 

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისთვის სამეფო ხაზინა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დაახლოებით 4700 მედალს დაამზადებს. ერთი მედლის წონა 375-400 გრამი იქნება, სისქე კი 7 მილიმეტრი. ერთ მხარეს კონკრეტული სპორტის სახეობის ლოგო და გამარჯვების ქალღმერთი ნიკე იქნება ამოტვიფრული, მეორეზე კი თამაშების ლოგო და მდინარე ტემზას აღმნიშვნელი რკალი. მედლების დიზაინერი დევიდ უოტკინსია.
 

2011 წლის 22 ივლისს დაიბეჭდა უკანასკნელი, 30-ე საფოსტო მარკა სერიიდან „ლონდონი 2012”. სამეფო ფოსტამ 30-მარკიანი სერიის დამზადება XXX ოლიმპიური თამაშების აღსანიშნავად გადაწყვიტა. 1908 წელს, როცა ლონდონმა პირველად უმასპინძლა ოლიმპიადას, მარკები საერთოდ არ დაბეჭდილა, 1948 წელს კი, თამაშების მეორედ მიღებისას, მხოლოდ 4 მარკა გამოიცა.

 

 

კომენტარები